weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აფხაზეთში ოპოზიციის მხარდამჭერებმა საყოველთაო დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს

11:33 სამშაბათი, 21 მაისი 2019
ფოტო © კავკაზსკი უზელი ფოტო © კავკაზსკი უზელი

ოკუპირებულ აფხაზეთში, ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა საგანგებო მდგომარეობა და საყოველთაო სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციის დაწყება გამოაცხადეს. „კავკაზსკი უზელის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, პარტია „ამცახარას“ წარმომადგენელმა მიზან ზუხბამ განაცხადა, რომ დღეს, 21 მაისს, აქციის მონაწილეები გადაკეტავენ ხიდებსა და გზებს. მისივე თქმით, სოხუმში გაიფიცებიან და აქციას შეუერთდებიან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დასაქმებულები.

„კავკაზსკი უზელის“ ცნობით, ოპოზიციის მხარდამჭერებმა წუხელ ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშთან ავტომაგისტრალი, ხოლო გაგრაში მდინარე ბზიფის ხიდი გადაკეტეს.

განვითარებულ მოვლენებს აფხაზეთის ე.წ. პროკურატურა განცხადებით გამოეხმაურა: „სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და უკანონო ქმედებების განხორციელებისკენ ნებისმიერი მოწოდება გამოიწვევს პასუხისმგებლობას აფხაზეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად“.

„კავკაზსკი უზელის“ ცნობით, 20 მაისს ოპოზიციის ლიდერის, ასლან ბჟანიას მხარდამჭერები ე.წ. პარლამენტის შენობის წინ აქციაზე გამოვიდნენ და დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების შემოდგომამდე გადავადება მოითხოვეს იმ საფუძვლით, რომ ბჟანია, რომელიც კენჭისყრას აპირებს, საავადმყოფოში იმყოფება. მას შემდეგ, რაც ე.წ. პარლამენტმა არჩევნების თარიღის გადატანაზე უარი თქვა, ოპოზიციამ უვადო საპროტესტო აქციების დაწყება გამოაცხადა.

ასლან ბჟანიას მხარდამჭერებმა მოქმედი ე.წ. პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადადგომაც მოითხოვეს.

18 აპრილს დეპუტატი ასლან ბჟანია მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს. გამოითქვა ვარაუდი, რომ ბჟანია მოწამლეს, რადგან მისი დაცვის წევრსაც ავადმყოფობის იგივე სიმპტომები ჰქონდა.

2 მაისს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მოსკოვის საავადმყოფოში მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, ბჟანია აფხაზეთის პრეზიდენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. 16 მაისს ბჟანიას მშობლიურ სოფელ ტამიშში მისი მხარდამჭერი აქცია გაიმართა, ოპოზიციამ კი მოითხოვა, რომ დეპუტატის და მისი დაცვის თანამშრომლების მოწამვლის ვერსიაზე გამოძიება დაიწყოს.

ოპოზიცია აცხადებს, რომ საპროტესტო აქციები მთელ ქვეყანაში დაიწყება.

ასლან ბჟანია აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში 2014 წელსაც იყრიდა კენჭს და თითქმის 36%-იანი მხარდამჭერის მოპოვება შეძლო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]