weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ტერიტორიას, სადაც სამუშაოები მიმდინარეობდა, აზერბაიჯანი აკონტროლებს – დარსალია

22:17 შაბათი, 25 მაისი 2019

ეს არის ტერიტორია ქედს მიღმა, რომელზეც ამჟამად კონტროლს ახორციელებს აზერბაიჯანული მხარე“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ აზერბაიჯანული მხარის მიერ დავით გარეჯის სამონასტრო კომლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით გზის გაყვანის სამუშაოებთან დაკავშირებით.

დარსალიას თქმით, ეს საკითხი ქართულმა მხარემ ბაქოში მიმდინარე მოლაპარაკებებზე მაინც დააყენა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ სამუშაოები წარმოებს ქედს მიღმა, აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე, საქართველოს დელეგაციამ აღნიშნული საკითხი დააყენა და მოითხოვა სრულყოფილი ინფორმაცია აზერბაიჯანის მხრიდან მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით.

ჩვენ აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია, თავი შევიკავოთ ისეთი ნაბიჯისგან, რომელმაც შეიძლება შექმნას აღქმა, რომ რაიმე სახით იცვლება სტატუს-კვო.

საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რაიმე სამუშაოები ან რაიმე სტატუს-კვოს ცვლილება არის წარმოუდგენელი და შეუძლებელი. ამიტომ კიდევ ვაზუსტებ, რომ, თუ აზერბაიჯანული მხარე აწარმოებდა რაიმე სამუშაოებს თავის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე სახით იცვლება სტატუს-კვო“, – უთხრა მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს.

ლაშა დარსალიას თქმით, ჩიჩხიტურის კოშკი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა და უშუალოდ მასთან არანაირი სამუშაოები არ წარმოებდა.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ჩოჩხიტურის კოშკიდან 50 მეტრშია გზა გაყვანილი, დარსალიამ თქვა: „არა, მაშინ იქ ზუსტად უნდა გაზომოთ, კარგი იქნება, თუ რუკებს დახედავთ“.

ლაშა დარსალიას თქმით, ამ დროისთვის სამუშაოები შეჩერებულია. ის დავით გარეჯში სამოქალაქო აქტივისტების და სამღვდელოების ჩასვლასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ემოციურმა განცხადებებმა შესაძლოა, ხელი შეუშალოს ორ ქვეყანას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს.

„მაქსიმალურად უნდა მიეცეს დელიმიტაციის კომისიებს საშუალება ემოციებისგან დაცლილ ფონზე წარმართონ მუშაობა, რადგან ეს მაღალი ემოციური ფონი მხოლოდ და მხოლოდ ხელს უშლის ნორმალური გადაწყვეტილებების მიღებას“, – განაცხადა დარსალიამ.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს დღეს საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია. სასულიერო პირებმა დაათვალიერეს ჩიჩხიტურის მიმდებარე ტერიტორია, სადაც აზერბაიჯანული მხარე რამდენიმე დღეა გზის გაყვანის სამუშაოებს აწარმოებს. სასულიერო პირები ამბობენ, რომ გზის გაყვანა თითქმის დასრულებულია. ისინი ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

23 და 24 მაისს, ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის სხდომა გაიმართა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებს ერთობლივად დაათვალიერებენ.

23 მაისს, გიდმა ზვიად ანანიაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე აზერბაიჯანულ მხარეს სპეციალური ტექნიკა ჰყავდა მობილიზებული და ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით გზა გაჰყავდა. იმავე დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ამის შესახებ მედიისგან შეიტყო. მან სიტუაციის გარკვევამდე ყველას მოუწოდა, ემოციური განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]