როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ონსა და ამბროლაურში ინფრასტრუქტურული პროექტები ძალიან კარგი ტემპებით მიმდინარეობს.
„სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც გააცოცხლებს ამ რეგიონს. ფაქტობრივად უკვე დასრულდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც მოიცავს წყალმომარაგების პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. შარშან ჩავატარეთ ყველაზე წარმატებული რთველი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო წარმატებული ეკონომიკური წელი გვექნება წელს“, – განაცხადა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ რაჭა ეროვნულ იდეას - განათლებას შეუერთდა, რაც, მისივე სიტყვებით, ძალიან მნიშვნელოვანია.
„ეს არის კუთხე, სადაც წიგნი ყოველთვის განსაკუთრებით უყვარდათ და აფასებდნენ. ჩვენ მომავალი წლის ბოლომდე რაჭაში ყველა სკოლის რეაბილიტაციას დავასრულებთ და ავაშენებთ ახალ სკოლებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი ინფორმაციით, რაჭაში ტურისტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა: „უკვე 160 საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს რაჭაში და ეს მხოლოდ დასაწყისია“.