weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

შევეცდები სამი რიცხვით დაგამახსოვროთ საქართველო, ესენია 1, 28 და 8 000 – ბახტაძე

10:28 პარასკევი, 07 ივნისი 2019

შევეცდები, სამი რიცხვით დაგამახსოვროთ საქართველო, ესენია 1, 28 და 8 000 – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კალიფორნიის Commonwealth club-ში საჯარო გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბახტაძემ საქართველოსთვის დასახელებული სამი რიცხვის მნიშვნელობა განმარტა.

„პირველი რიცხვია 1. საქართველოში პირველად გვყავს ქალი პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი. ის პირველი ქალი პრეზიდენტია საქართველოსა და მთელს რეგიონში და არჩეულია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ექვსწლიანი ვადით.

თავად არჩევნებიც ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქვეყნის წინსვლის გამო მრავალფეროვნებისა და დემოკრატიის მიმართულებით. მეორე რიცხვია 28. ზუსტად ამდენი წელია, გავთავისუფლდით საბჭოთა კავშირიდან და დემოკრატიული განვითარების საკუთარ გზას დავადექით, როგორც დამოუკიდებელი ერი. სიამაყით ვაცხადებ, რომ შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით იდგა ამ გზაზე ყველა ნაბიჯის გადადგმისას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მესამე რიცხვი – 8 000. პრემიერის თქმით, სწორედ ამდენი წლის ისტორიას ითვლის ღვინის წარმოება საქართველოში.

„არქეოლოგების კვლევების შედეგად, საქართველო მსოფლიოში მეღვინეობის სამშობლოდაა აღიარებული. საქართველოში მეღვინეობის ტრადიცია 8 000 წლის წინ დაიწყო, დამწერლობის შექმნამდე 3 000, ხოლო რკინის ხანის დაწყებამდე 5 000 წლით ადრე.

ქართული დამწერლობაც კი, ვაზის ლერწმის მოხაზულობას წააგავს. ქართული წარმოშობისაა ვაზის ბევრი ჯიში, რომელიც დღეს ევროპასა და აზიაში მოჰყავთ. ამ სასმელის აღმნიშვნელი სიტყვა დასავლეთის ბევრ ქვეყანაში განსხვავებულადაა დამკვიდრებული, თუმცა ყველა მათგანი სავარაუდოდ, ქართული ძირისაგან წარმოდგება და ჟღერადობითაც წააგავს ღვინოს. ახლა კალიფორნიამ უკვე ბევრი რამ იცის ღვინის შესახებ. ჩემი ინფორმაციით, პირველი კალიფორნიული ღვინო 1760 წელს ჩამოისხა. თქვენ მსოფლიოში ამ სასმელის მეხუთე უმსხვილესი მწარმოებელი ხართ – წელიწადში 240 მილიონი კასრი ისხმება და 75 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ეკონომიკური საქმიანობა წარმოებს, 300 000 და მეტი სამუშაო ადგილი იქმნება და ეს ყველაფერი კალიფორნიის ფარგლებში. სავსებით არ არის ცუდი მაჩვენებელი ორიოდე ასეული წლის მქონე საქმიანობისთვის. საქართველოში 8 000 წლის განმავლობაში ტემპი ცოტათი დაბალი იყო, თუმცა ჩვენს ღვინოს დაძველება უხდება. როდესაც ერთსა და იმავე საქმეს აკეთებ 8 000 წლის განმავლობაში, საბოლოოდ ნამდვილად იხვეწები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქართველები გაუტეხელი, პირდაპირი, ერთგული, ოპტიმისტი და თავდაჯერებული ხალხია, თუმცა, კვლავ გამოწვევების წინაშე იმყოფება. მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციაზე, რომლის შედეგად მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი, იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა.

„ახლა, 8000-წლიანი მეღვინეობის ტრადიციისა და საბჭოთა ოკუპაციის 70-წლიანი გამოცდილების შემდეგ რუსეთს არ მივცემთ ჩვენი მომავლის განსაზღვრის უფლებას. სრულად ვაკონტროლებთ ჩვენს ბედისწერას და მომავლის ხედვას, რაც შემდეგ ამბიციას ეფუძნება: საცხოვრებლად, სამუშაოდ და განსავითარებლად შევქმნათ მსოფლიო დონის ქვეყანა. ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ საბოლოო ჯამში აუცილებლად მივაღწევთ მიზანს. ეს ნამდვილად არ მოხდება ძალის გამოყენებით. მხოლოდ დემოკრატიული გზით, შესაძლებლობების გაჩენის, განვითარებისა და ჰუმანური გზით“, – განაცხადა პრემიერმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]