weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ალეკო ელისაშვილი თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს

11:13 ოთხშაბათი, 12 ივლისი 2017

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად საინიციატივო ჯგუფმა ოფიციალურად წარადგინა. როგორც ელისაშვილმა წარდგენისას განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად თბილისის ხელისუფლება შეიცვლება.

„მეუბნებიან, რომ არჩევნებით არაფერი შეიცვლება, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ვიღაცამ სადღაც იქ გადაწყვიტა, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ისე იქნება, როგორც გადაწყვეტს ხალხი. მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ ჩვენ მოვახერხებთ და თბილისში ხელისუფლებას 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს შევცვლით. ოპონენტებისგან განსხვავებით, ფუჭი და ტყუილი დაპირებების ტვირთისგან თავისუფალი ვარ. არასდროს დავპირებივარ თბილისელებს, რომ თბილისი იქნებოდა სიღარიბის გარეშე, რომ ჩვენთან იაფი და განახევრებული იქნებოდა გაზი და დენი. ბევრს ახლა წინასაარჩევნოდ გაახსენდა თბილისი. მე და ჩემი მეგობრები ათი წელია ვიბრძვით ამ ქალაქის და თბილისელების პრობლემების მოსაგვარებლად, ვიბრძოდი როგორც ჟურნალისტი, როგორც „თბილისის ამქრის“ თავმჯდომარე, ახლა კიდევ უფრო გაშმაგებით და მონდომებით ვიბრძვი როგორც თბილისის საკრებულოს წევრი. მაგრამ ბერკეტები და უფლებამოსილებები ცოტა იყო. საკრებულოში 50 დეპუტატს შორის ერთ-ერთი დეპუტატი ვარ. ამიტომ ეხლა მე გთხოვთ უფრო მეტ ბერკეტს, რომ ის ისევ ჩვენი ქალაქისთვის გამოვიყენოთ,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისი წარდგენა გუდიაშვილის მოედანზე გაიმართა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ დაიწყო, რაც გუდიაშვილის ბაღში ელისაშვილის წარდგენის ღონისძიება დაანონსდა. ელისაშვილის თქმით, რეაბილიტაცია მერიამ მოახლოებული არჩევნების გამო დაიწყო.

„ამ ადგილას რამდენიმე წლის წინ დადეს პირობა საჯაროდ, რომ მოუვლიდნენ ამ მოედანს და ეს იქნებოდა სივრცე, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ვიამაყებდით, მაგრამ ახლა მიმოიხედეთ და ნახეთ, რა უპატრონოდ არის მიგდებული. ეს სირცხვილია, ეს არის რეალური სახე ამ ხელისუფლების, გადაუჭარბებლად. არადა, ეს მოედანი ჩემთვის და, ალბათ, ყველასთვის არის საქართველო, ეს მოედანი არის თბილისი და ეს მოედანი ვართ თითოეული თბილისელი მოქალაქე, რომლის დარდი და პრობლემები მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდებათ და მოცვივდებიან და იწყებენ ფაცურს. არადა, შეიძლება, საოცარი იყოს ეს მოედანი. ამიტომაც და ბევრი მიზეზის გამო, მე გადავწყვიტე, რომ ვიყო მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ამ დროისთვის ალეკო ელისაშვილი თბილისის მერობის ერთადერთი დამოუკიდებელი კანდიდატია. „ქართულმა ოცნებამ“ თავის კანდიდატად კახა კალაძე დაასახელა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - ზაალ უდუმაშვილი, ხოლო „ევროპულმა საქართველომ“ - ელენე ხოშტარია.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს ჩატარდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]