სულ 188 კანდიდატია რეგისტრირებული. მათგან 90 შვიდი პოლიტიკური პარტიის მიერ სიით არის წარდგენილი, ხოლო 60 ამავე პარტიებიდან ერთმანდატიან ოლქებში იყრის კენჭს. არჩევნებში 38 დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს.
დე ფაქტო პარლამენტში მოსახვედრად არჩევნებში მონაწილე სუბიექტებმა 7%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საარჩევნო სიებში დაახლოებით 31 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული.
„არჩევნების“ გამო დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი 11 ივნისამდე ჩაკეტა.
საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული არჩევნები უკანონოა და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს. საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ე.წ. არჩევნები წარმოადგენს ცხინვალის რეგიონში ქართველთა ეთნიკური წმენდის, უკანონო ოკუპაციისა და საქართველოს სუვერენული საზღვრების ძალადობრივი ცვლილების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას, რუსეთის და ცხინვალში მისი საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან.
„ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში ტარდება იმ ფონზე, როცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა, ხოლო ადგილზე დარჩენილი მოსახლეობას უწევს ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის პირობებში ცხოვრება“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნები და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.