ე.წ. პარლამენტში მოსახვედრად 7%-იანი ბარიერი სულ ხუთმა პარტიამ გადალახა. მათ შორის კომუნისტური პარტიაც არის, რომელმაც ხმების 7.29% (1622 ხმა) მიიღო.
ე.წ. საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო უბნები დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის გარდა, სოხუმსა და მოსკოვშიც იყო გახსნილი, საარჩევნო სიებში რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა კი დაახლოებით 31 ათასს შეადგენდა.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება და საერთაშორისო საზოგადოება ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ არჩევნებს არ ცნობს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა იმ ფონზე, როცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა, ხოლო ადგილზე დარჩენილი მოსახლეობას უწევს ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის პირობებში ცხოვრება.
განცხადება გაავრცელა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომაც, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არ აღიარებს ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს და არც მის შედეგებს.