ინაშვილის თქმით, უნდა გაანალიზდეს შეცდომები, რაც წლების განმავლობაში კომისიამ დაუშვა.
„ეს უბრალოდ შეცდომები არ არის. ჩადენილია დანაშაული. ამას ღიად გეუბნებით და გამოსაძიებელია სადემარკაციო კომისიის მუშაობა მთელი წლების განმავლობაში, რა რუკებით მუშაობდნენ, რა პერიმეტრებს და როგორ ათანხმებდნენ, რა მოლაპარაკებები მიჰყავდა ხელისუფლებას აზერბაიჯანის მხარესთან, რამდენად მომგებიანი თუ საზიანო იყო ეს ქართული სახელმწიფოსთვის.
პირდაპირ მივმართავ პროკურატურას, სადემარკაციო კომისიის საქმიანობის შემსწავლელი გამოძიება დაიწყოს და თუ ეს გამოძიება არ დაიწყება, პარალელურად დავაყენებთ საკითხს, პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც სადემარკაციო კომისიის საქმიანობას შეისწავლის.
ქართული მიწის დაცვას ჩვენი წინაპრები სიცოცხლეს სწირავდნენ. ჩვენ ვხედავთ, რომ ჰექტარ-ჰექტარ ხდება ქართული მიწის დათმობა, არა მარტო წინა ხელისუფლების პირობებში“, – განაცხადა ინაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, 15 ივნისს, 16:00 საათზე თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართება, რათა „საქართველოს ხელისუფლებამაც ნახოს, აზერბაიჯანის ხელისუფლებამაც გაიგოს, რომ ქართველი ხალხი არ აპირებს დავით გარეჯის დათმობას“.
საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიამ მუშაობა მიმდინარე წლის მაისში განაახლა, რასაც წინ უძღოდა აპრილში, აზერბაიჯანული მხარის მიერ დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზის რამდენიმე დღით ჩაკეტვა. კომისიის სხდომა ბაქოში 23-24 მაისს გაიმართა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთებს ექსპერტები დაათვალიერებდნენ. შემდეგი სხდომა თბილისშია დაგეგმილი.