ჟურნალისტების კითხვაზე, უქმნის თუ არა იმ ქვეყანაში ყოფნა დისკომფორტს, რომლის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, გავრილოვმა განაცხადა, რომ მას არანაირი დისკომფორტი არ აქვს.
„საქართველოს პარლამენტმა მომიწვია. 2 წლის განმავლობაში წყდებოდა ამ ასამბლეის თბილისში ჩატარების საკითხი. მიგვაჩნია, რომ საქართველო კარგად მოემზადა. ჩვენი მიზანია, შევეცადოთ ვიპოვოთ შესაძლებლობები დიალოგისთვის. მთავარი საკითხები უკავშირდება ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ თანამშორმლობას, კულტურასთან და განათლებასთნ დაკავშირებულ თემებს. ბოლო ერთ წელიწადში გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა, ტურისტების რიცხვი, მაგრამ ჰუმანიტარულ თანამშრომლობაში ჩამოვრჩებით. ამ სახის თანამშრომლობის საფუძველი, როგორც პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, მართლმადიდებლობა და მართლმადიდებლური ფასეულობებია“, – განაცხადა გავრილოვმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია დღეს გაიხსნა. ღონისძიება ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია) იმართება. ასამბლეაზე დასასწრებად ჩამოსულ რუსულ დელეგაციას თბილისში მოქალაქეები საპროტესტო აქციით დახვდნენ.
„ევროპული საქართველო“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ასამბლეის სესიას ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ გავრილოვის ვიზიტი თბილისში ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას აზიანებს.
„ასეთი ხალხის შემოშვება, მათი პროპაგანდის დაშვება არის რუსული პროპაგანდის, პუტინის სპეცოპერაცია, იმიტომ, რომ მათი გზავნილი არის, რომ თურმე ერთმორწმუნე რუსეთი ჩვენი მოკავშირეა და თავისუფალი სამყარო - მტერი. თუ ასეთ ადამიანებს წითელ ხაზს არ უსვამ, ეს არის უკვე პოზიციის დათმობა,“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ.