„ეს ფაქტი ზიანს აყენებს ჩვენი თავისუფლების იდეას, აზიანებს ქართულ პარლამენტარიზმს.
სრულად ვიზიარებ ქართული საზოგადოების სამართლიან პროტესტს და მივმართავ ამის ორგანიზატორებს - დაუყოვნებლივ განუმარტონ საზოგადოებას მომხდარის მიზეზები და მოახდინონ მკაცრი რეაგირება მომხდარზე“, – აცხადებს პრემიერი.
დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის 26-ე სესია უნდა ჩატარებულიყო. დელეგატებს, პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან, ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. სწორედ ის უნდა გაძღოლოდა დღევანდელ სხდომას.
აღნიშნული ფაქტი „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა გააპროტესტეს. როგორც მათ განაცხადეს, სესია მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგრძელდებოდა, თუ რუსი დეპუტატები საქართველოს დატოვებდნენ. თინა ბოკუჩავამ კი ზაქარია ქუცნაშვილისთვის დეპუტატის მანდატის შეჩერება მოითხოვა. მისი თქმით, სწორედ ქუცნაშვილი იყო საქართველოში სესიის ჩატარების ერთ-ერთი ორგანიზატორი.
პროტესტის შედეგად პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია შეწყდა. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, პროტოკოლით შეთანხმებული არ იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდან სხდომას გავრილოვი წაიყვანდა.