სალომე სამადაშვილის თქმით, მას პარლამენტის შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. დეპუტატის განმარტებით, ასეთი ბრძანების გაცემით, შს მინისტრმა კონსტუტუცია დაარღვია, რის გამოც თანამდებობაზე დარჩენის უფლება არ აქვს.
„ბატონო გიორგი, დაბრუნდით მოსკოვში. მიხედეთ თქვენს ბიზნესს. აღარ მოგიწევთ სირბილი აქეთ-იქით. აღარ მოგიწევთ ლონდონის გავლით მოსკოვში ჩასვლა, რომ თქვენი ბიზნესები მოაგვაროთ. წყნარად, მშვიდად მიხედეთ თქვენს საქმიანობას. კონსტიტუცია დაარღვიეთ და სანამ ახლა ხალხი შემოვარდა ამ პარლამენტში, დაწერეთ განცხადება, წადით. მთელი საქართველოა ქუჩაში გამოსული და გელოდებათ, რომ დაწეროთ განცხადება“, – მიმართა დეპუტატმა მინისტრს.
როგორც გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ის გადადგება როცა ეს საჭირო იქნება.
აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობენ. ისინი ითხოვენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, შს მინისტრის, გიორგი გახარიას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, შეწყვიტონ ძალადობა და დატოვონ პარლამენტის ტერიტორია: „წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ საშუალებებს“, – განაცხადა შსს-მ.
პარლამენტის შენობის წინ შეკრებილები აპროტესტებენ საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატების ჩამოსვლას და სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოსვლას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ გავრილოვის გამოჩენა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნაზე შეუთანხმებელი იყო. მათივე განცხადებით, ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება რუსული დელეგაციის მიერ საქართველოს დატოვების თაობაზე.