„ის, რაც ახლა ხდება, არის არა სამწუხარო, არამედ ტრაგედია. რა თქმა უნდა, მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი. ზოგჯერ მიზეზი შეიძლება იყოს სამართლიანი, თუმცა სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევა, ან შეტევისკენ მოწოდება... როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი ტრაგიკული შემთხვევა, თავდასხმას პოლიციაზე, რომელიც არის სახელმწიფო ინსტიტუტი და თავდასხმას პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით.
მინდა ვთხოვო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, პატივი ვცეთ პოლიციელს, რომელიც ვალდებულია ორივე მხარის უფლებები დაიცვას და მივცეთ საშუალება ღირსეულად შეასრულოს ეს ფუნქცია.
ამის შემდეგ ყველა ჩვენგანი შევძლებთ დავჯდეთ წყნარად, მშვიდად და ვისაუბროთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობენ. ისინი ითხოვენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, შს მინისტრის, გიორგი გახარიას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, შეწყვიტონ ძალადობა და დატოვონ პარლამენტის ტერიტორია: „წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ საშუალებებს“, – განაცხადა შსს-მ.
პარლამენტის შენობის წინ შეკრებილები აპროტესტებენ საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატების ჩამოსვლას და სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოსვლას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ გავრილოვის გამოჩენა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნაზე შეუთანხმებელი იყო. მათივე განცხადებით, ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება რუსული დელეგაციის მიერ საქართველოს დატოვების თაობაზე.