როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, ის რაც ამ წუთებში პარლამენტის წინ ხდება, გასცდა გამოხატვის თავისუფლების, პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის ჩარჩოებს და შეიძინა აშკარად ანტიკონსტიტუციური ხასიათი.
„პირდაპირ ერთერში ვაკვირდებით ძალისმიერი შტურმის მცდელობას საქართველოს პარლამენტზე.
მოვუწოდებთ მშვიდობიან დემონსტრანტებს, არ აყვენენ ავანტიურისტ პოლიტოსებს და არ გახდნენ მათი დანაშაულებრივი ზრახვების უნებლიე თანამონაწილეები.
პოლიცია, ძალოვანი უწყებები თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებენ - საზოგადოებრივი მართლწესრიგის, კანონიერების, სახელმწიფოს და კონსტიტუციის დასაცავად“, – განაცხადა კახა კალაძემ.
აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობენ. ისინი ითხოვენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, შს მინისტრის, გიორგი გახარიას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ თუ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მომიტინგეები პარლამენტში მშვიდობიანად შევლენ.
როგორც კობახიძემ განაცხადა, ის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს, ხოლო გახარიას თქმით „როგორც კი საჭირო იქნება, მაშინვე გადადგება“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, შეწყვიტონ ძალადობა და დატოვონ პარლამენტის ტერიტორია: „წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ საშუალებებს“, – განაცხადა შსს-მ.
პარლამენტის შენობის წინ შეკრებილები აპროტესტებენ საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატების ჩამოსვლას და სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოსვლას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ გავრილოვის გამოჩენა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნაზე შეუთანხმებელი იყო. მათივე განცხადებით, ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება რუსული დელეგაციის მიერ საქართველოს დატოვების თაობაზე.