ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვეს გუშინ, პარლამენტის შენობის წინ გამართული მრავალათასიანი აქციის მონაწილეებმა. კობახიძემ განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია 20 ივნისს, 19:00 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, თბილისში რუსეთის დუმის დეპუტატების ჩამოსვლას და ერთ-ერთი მათგანის - ასამბლეის პრეზიდენტის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას, საიდანაც მან რუსულად მიმართა ასამბლეის მონაწილე ქართველ და უცხოელ დეპუტატებს.
ამ ფაქტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრების პროტესტი მოჰყვა, მათ გავრილოვს სხდომის გაგრძელების საშუალება აღარ მისცეს. „ქართულმა ოცნებამ“ განმარტა, რომ გავრილოვის გამოჩენა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნაზე შეუთანხმებელი იყო. მათივე განცხადებით, ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება რუსული დელეგაციის მიერ საქართველოს დატოვების თაობაზე.
პარლამენტთან შეკრებილი პოლიტიკოსები და მოქალაქეები მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებდნენ და მოითხოვდნენ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, შს მინისტრის, გიორგი გახარიას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას.