weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გთავაზობთ, 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას – ივანიშვილი

12:18 ორშაბათი, 24 ივნისი 2019

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მმართველი პარტია გამოდის ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საზოგადოებას მოეხსენება, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ იყო იმ საკონსტიტუციო რეფორმის ინიციატორი, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა, რომ საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში, არჩევნების პროპორციული სისტემა, უკეთ პასუხობს ხელისუფლებაში მრავალპარტიული, და შესაბამისად, პლურალისტური პოლიტიკური წარმომადგენლობის ევროპულ სტანდარტს.

თუმცა, იქვე დადგინდა, რომ ამ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უფრო სწორი, 2024 წელს იქნებოდა, რადგან პარტიების გაძლიერებას, მათ კრისტალიზაციას ღირებულებების გარშემო, მეტ კონსოლიდაციას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას გარკვეული წლები კიდევ სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ განისაზღვრა, კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო რეფორმის ოპტიმალურ ვადად 2024 წელი, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა არის აბსოლუტურად დემოკრატიული, გამართული და აპრობირებულია არაერთ ტრადიციული დემოკრატიის ქვეყანაში.

მაგრამ ცხოვრებას თავისი კორექტივები შეაქვს ყველაფერში და ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მმართველი პოლიტიკური ძალის ვალია, იყოს ადეკვატური ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და რაც მთავარია, ესმოდეს საზოგადოების მაჯისცემა.

დღეს, ყველა ვხედავთ, რომ საზოგადოება ცვლილებებს ითხოვს. ჩვენი ინციატივა კი სწორედ ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ცვლილების საფუძველს იძლევა.

იმავდროულად, საზოგადოებრივ მოთხოვნას უნდა მოჰყვეს, და დარწმუნებული ვარ მოჰყვება კიდეც, სამართლებრივი შედეგებიც.

უნდა დაისაჯოს ის, ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ისიც, ვინც ძალას გადაამეტა.

რაც შეეხება დღევანდელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, უპირველესი მიზეზი, რამაც ამისკენ გვიბიძგა, არის ჩვენი საზოგადოების და განსაკუთრებით, ახალგაზრდობის სურვილი და მზაობა, აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის მართვაში, და საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა.

საზოგადოების ამ სულისკვეთებასთან თანხვედრაშია ჩვენი პოლიტიკური გუნდის სურვილიც, ნებაყოფლობით ვთქვათ უარი იმ სასტარტო უპირატესობაზე, რაც შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში ბუნებრივად გააჩნია „ქართულ ოცნებას“.

შუალედური არჩევნების შედეგებმა ყველა დაარწმუნა, რომ ქართული ოცნების ნებისმიერი კანდიდატი, პრაქტიკულად უკონკურენტოა. ფაქტია, რომ პოპულარულ ადამიანებს კვლავ „ქართული ოცნების“ ეგიდით  სურთ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა და თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა, მაღალი ალბათობით, „ქართული ოცნება“ თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოიგებს, რითაც უკიდურესად შეამცირებს მრავალპარტიული პარლამენტის ფორმირების რესურსს. ეს შესაძლოა ემსახურებოდეს ჩვენს პარტიულ ინტერესს, მაგრამ ვეღარ პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

და კიდევე ერთი მიზეზი, რაც საფუძვლად დაედო ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას არის ის მზარდი, გლობალური თუ  ლოკალური ხასიათის, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და რომლებთანაც გამკლავებას  სულ უფრო ხშირად დასჭირდება ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსი, ერთიანობა და პასუხისმგებლობის გაზიარება, რაც მხოლოდ მაქსიმალურად პლურალისტურ გარემოშია შესაძლებელი;

ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. იმავდროულად, ნულზე ჩამოგვყავს, ანუ სრულად ვაუქმებთ დღეს არსებულ პროცენტულ ბარიერს.

იმედი გვაქვს, რომ ამ გზით, 2020 წელს მივიღებთ პარლამენტს, სადაც თითქმის ყველა პოლიტიკური აქტორი და ამ ქვეყნის მთელი ინტელექტუალური პოტენციალი იქნება წარმოდგენილი. არავის დასჭირდება ვინმესთან მიკედლება, ხელოვნური გაერთიანება და ხშირად საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა, რათა თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში.

ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზადაა, მიმდინარე სასესიო კვირის დასრულებისთანავე, დაიწყოს ფართო კონსულტაციები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან. ყველასთნ, ვინც მზად არის კონსტიტუციისა და კანონის უპირობო პატივისცემის ფარგლებში ეწეოდეს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, პარლამენტის წინ 20 ივნისიდან დაწყებული საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]