„პარტიის თავმჯდომარისგან მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას. უპრეცედენტოს ვუწოდებდი ამ გადაწყვეტილებას.
ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბარიერი მთლიანად უქმდება, ნულოვანი ხდება, რითიც ჩვენ ყველა პოლიტიკურ პარტიას ვაძლევთ შესაძლებლობას, თუ საზოგადოების მხრიდან ექნებათ მხარდაჭერა, მოხვდნენ პარლამენტში.
ეს ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანებს ეყოლებათ თავიანთი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. მგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ რეფორმის ფარგლებშიც ექნება ძალიან დიდი მხარდაჭერა“, – განაცხადა კალაძემ.
„ქართულ ოცნებაში“ დღეს პოლიტსაბჭოს სხდომა და უმრავლესობის შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გამოდიან ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდეს.
პროპორციულ სისტემაზე გადასვლა პარლამენტის წინ 20 ივნისიდან დაწყებული საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.