„რა თქმა უნდა, ვიღებთ იმაზე პასუხისმგებლობას, რაც მოხდა, მაგრამ ობიექტურად უნდა შევაფასოთ თუ როგორ განვითარდა მოვლენები. პოლიცია ორი საათის განმავლობაში სრული მოთმინებით, აბსოლუტურად ძალადობრივი რეაგირების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის ლეგიტიმური და კანონიერი უფლება ქონდათ, შეიძლება ვალდებულებაც, იდგნენ და იცავდნენ ქვეყნის ინსტიტუტს, ჩვენს მოქალაქეებს.
ორი საათის განმავლობაში ასამდე პოლიციელი დაშავდა იქ. და სულ რაღაც 14 სამოქალაქო პირი, ისიც ჭყლეტაში და შემდგომ დამატებითი ძალის გამოყენების აუცილებლობა დადგა, ეს იყო იძულებითი აუცილებლობა.
ჩვენი პოლიციელები ორი საათის განმავლობაში ასე მოთმინებით იდგნენ და ეს იყო ჩვენი პოლიტიკური პოზიცია, რომ არა ამ ქვეყანაში არ შეიძლება ძალადობა და ეს უნდა შეიგნოს ყველამ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მოგვიანებით დეპუტატმა ამ განცხადებისთვის საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და განმარტა, რომ ძალადობის ესკალაციის დაწყების პირველ ორ საათზე საუბრობდა.
„თუმცა ასევე უნდა ითქვას, რომ ჩემი მხრიდან არაკორექტულად იქნა ნათქვამი, როდესაც ვსაუბრობდი „სულ რაღაც 14 ადამიანზე“ და მინდა, ამის გამო საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო. ჩემი სურვილი იყო ამ შემთხვევაში ხაზი გამესვა იმ გარემოებისთვის, რომ პოლიცია პირველ-ორ საათში შეკავებით ღონისძიებას ახორციელებდა. თითოეული ჩვენი თანამოქალაქის, პოლიციელის თუ სამოქალაქო პირის ჯანმრთელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაოდენობას, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არა აქვს“, – განმარტა ირაკლი სესიაშვილმა.
ოფიციალური მონაცემებით, 20 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის დაშლის შედეგად, 240 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოებში, მათგან 80 სამართალდამცველი იყო. აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა, ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სამართალდამცავებმა აქციის დასაშლელად დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა ფორმის რეზინის ტყვიები გამოიყენეს, მათ შორის ისეთიც, რომელიც ცხოველებისთვისაა განკუთვნილი. გავრცელდა ვიდეომტკიცებულებები, საიდანაც ჩანს, რომ აქციის მონაწილეებს დამიზნებით ესროდნენ სახეში, თავსა და სასქესო ორგანოებში.