„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რატომ აპირებს უმრავლესობა მელიას საკითხის დაჩქარებულად განხილვას და რატომ გააქვს საკითხი პლენარულ სხდომაზე დღესვე.
„არსებობს სხვადასხვანაირ ფორმატში გადაწყვეტილებების მიღების გამოცდილება ჩვენს ქვეყანაში. მაგალითად 1937 წელს ღამე იკრიბებოიდა სამკაციანი სასამართლო და დახვრეტას უსჯიდნენ ადამიანს. ახლა მე მაინტერესებს დემოკრატიულ საქართველოში, 2019 წელს, რა ხდება? რომ თქვენ დილის 9 საათზე გეგმავთ ერთ კომიტეტის სხდომას, მეორე კომიტეტის სხდომა უკვე ჩანიშნული გაქვთ შუადღეს და დღესვე აპირებთ, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად ჩამოართვათ მანდატი დეპუტატს იმისთვის, რომ დაიჭირონ. ანუ თქვენ დღეს აქ ყოველგვარი სასამართლოს გარეშე დამნაშავედ ცნობთ ნიკა მელიას წინასწარ. თქვენი ლიდერი კობახიძე ქუჩაში ვეღარ გამოდის, უნივერსიტეტში ვეღარ შედის ლექციის წასაკითხად, სტუდენტები აგდებენ და ამიტომ კარგად დაფიქრდით, რასაც ახლა აკეთებთ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს. პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში გენერალური პროკურორი აღნიშნავს, რომ მან შესძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში.
გენერალური პროკურორის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძველი.
პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, ასევე მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით შეიძლება. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც პარლამენტს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს.