დეპუტატი ასევე ითხოვს, სისხლის სამართლის საქმის აღძვრას საქართველოს პარლამენტის წევრის, აკაკი ბობოხიძის წინააღმდეგ, ხოლო რუსეთის სამართალდამცველ ორგანოებს მოუწოდებს, ბობოხიძეზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადონ.
„ვციტირებ საქართველოს პარლამენტის წვრის, აკაკი ბობოხიძის განცხადებას: გხოცავდით აფხაზეთში და კიდევ დაგხოცავთ. მან ეს საქვეყნოდ თქვა. მინდა მივმართო აფხაზეთის პრეზიდენტს, მთავარ პროკურატურას, რათა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ამ ადამიანთან მიმართებაში, ხოლო ჩვენს რუს კოლეგებს - გამოაცხადონ მასზე საერთაშორისო ძებნა“, – განაცხადა დბარმა.
როგორც მან აღნიშნა, „თუ აფხაზური მხარე არანაირ რეაგირებას არ მოახდენს ქართველი პოლიტიკოსის გამონათქვამებზე, მაშინ მომავალში ოპონენტები გაცილებით მეტის უფლებას მისცემენ საკუთარ თავს“.
დიმიტრი დბარის ამ წინადადებას ე.წ. პარლამენტმა მხარი დაუჭირა.
საქართველოს პარლამენტის წევრმა „ევროპული საქართველოდან“, აკაკი ბობოხიძემ რამდენიმე დღის წინ განმარტა, რომ იმ დღეს, როდესაც საქართველოს პარლამენტში რუს დეპუტატს მიმართავდა, აფხაზეთის ომში არა აფხაზების, არამედ რუსების დახოცვას გულისხმობდა.
„არც იმას ვმალავ, რომ კი, აფხაზეთის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში მონაწილეობა მიწევდა. სამწუხაროდ, საომარი მოქმედებების დროს ადამიანები იღუპებიან. იმ ომში ქართველებიც დაიღუპნენ და დაიღუპნენ აფხაზებიც. ერთადერთი ვისზეც წუხილს არ გამოვთქვამ, არიან რუსები, რადგან იქ რუსებს არაფერი ესაქმებოდათ. ამიტომ რუსები თუ დაიღუპნენ, დაიღუპნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ცხვირი შემოყვეს იქ, სადაც არ ესაქმებოდათ. არანაირი წუხილი არ მაქვს და არც მომავალში მექნება, ჩემს მიერ გასროლილი ტყვიით მოკვდა რუსი თუ არა. სწორედ ეს ვუთხარი რუსებს“, – განმარტა ბობოხიძემ.