weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

აფხაზეთის „პარლამენტი“ რუსეთის მხარდასაჭერად ენგურის ხიდის ჩაკეტვას ითხოვს

16:24 ოთხშაბათი, 26 ივნისი 2019

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატმა, დიმიტრი დბარმა ე.წ. პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას მოუწოდა, მხარი დაუჭროს რუსეთს და ვიდრე საქართველოში ვითარება არ დასტაბილურდება და არ ნახავენ, რომ მათთვის „საფრთხეები“ აღარ არსებობს მდინარე ენგურზე, „საქართველოსთან საზღვარი“ ჩაკეტოს.

დეპუტატი ასევე ითხოვს, სისხლის სამართლის საქმის აღძვრას საქართველოს პარლამენტის წევრის, აკაკი ბობოხიძის წინააღმდეგ, ხოლო რუსეთის სამართალდამცველ ორგანოებს მოუწოდებს, ბობოხიძეზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადონ.

„ვციტირებ საქართველოს პარლამენტის წვრის, აკაკი ბობოხიძის განცხადებას: გხოცავდით აფხაზეთში და კიდევ დაგხოცავთ. მან ეს საქვეყნოდ თქვა. მინდა მივმართო აფხაზეთის პრეზიდენტს, მთავარ პროკურატურას, რათა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ამ ადამიანთან მიმართებაში, ხოლო ჩვენს რუს კოლეგებს - გამოაცხადონ მასზე საერთაშორისო ძებნა“, – განაცხადა დბარმა.

როგორც მან აღნიშნა, „თუ აფხაზური მხარე არანაირ რეაგირებას არ მოახდენს ქართველი პოლიტიკოსის გამონათქვამებზე, მაშინ მომავალში ოპონენტები გაცილებით მეტის უფლებას მისცემენ საკუთარ თავს“.

დიმიტრი დბარის ამ წინადადებას ე.წ. პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

საქართველოს პარლამენტის წევრმა „ევროპული საქართველოდან“, აკაკი ბობოხიძემ რამდენიმე დღის წინ განმარტა, რომ იმ დღეს, როდესაც საქართველოს პარლამენტში რუს დეპუტატს მიმართავდა, აფხაზეთის ომში არა აფხაზების, არამედ რუსების დახოცვას გულისხმობდა.

„არც იმას ვმალავ, რომ კი, აფხაზეთის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში მონაწილეობა მიწევდა. სამწუხაროდ, საომარი მოქმედებების დროს ადამიანები იღუპებიან. იმ ომში ქართველებიც დაიღუპნენ და დაიღუპნენ აფხაზებიც. ერთადერთი ვისზეც წუხილს არ გამოვთქვამ, არიან რუსები, რადგან იქ რუსებს არაფერი ესაქმებოდათ. ამიტომ რუსები თუ დაიღუპნენ, დაიღუპნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ცხვირი შემოყვეს იქ, სადაც არ ესაქმებოდათ. არანაირი წუხილი არ მაქვს და არც მომავალში მექნება, ჩემს მიერ გასროლილი ტყვიით მოკვდა რუსი თუ არა. სწორედ ეს ვუთხარი რუსებს“, – განმარტა ბობოხიძემ.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]