„ეს დღეს არის განსაკუთრებული, მინდა, რომ ეს იყოს მადლობის თქმის დღე. 20-21 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა მთელი ღამის განმავლობაში თავდაუზოგავად იშრომეს. ჩვენს მოქალაქეებს სამედიცინო დახმარება დროულად აღმოუჩინეს და შეძლეს მათი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებებში. მინდა, მათ დიდი მადლობა გადავუხადო მთელი საზოგადოების სახელით. ოპერაციებმა წარმატებით ჩაიარა, ექვსი პაციენტის შემთხვევაში, შეუნარჩუნდათ მხედველობა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამ ახალგაზრდების თვალები, ეს არის ჩვენი მომავლის თვალები. სამწუხაროდ, რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა დღემდე რჩება მძიმე და ექიმები მათი გამოჯანმრთელებისთვის ყველაფერს აკეთებენ.
ჩვენ ამოვირჩიეთ ეს ოთხი ადამიანი დაჯილდოვებისთვის, იმიტომ, რომ შეუძლებელია, ყველას ჯილდო გადასცე, მაგრამ მათი ჯილდო ყველა თქვენგანის ჯილდოა: ქირურგების, ექიმების სხვადასხვა საავადმყოფოებში, რომლებიც მაქსიმალურ მობილიზაციაზე იყვნენ იმ საღამოს, იმ ღამეს და შემდეგ დღეებში. არაერთი მძიმე დღე, მძიმე ღამე, ტრაგიკული პერიოდი გაუვლია ამ ქვეყანას, მაგრამ იმ პერიოდში ყოველთვის აღმოჩნდა მეორე მხარე. მეორე მხარე, რომელიც არის იმედის მომცემი, გაძლიერების. ის მეორე მხარე დღეს თქვენ ხართ, აქ შეკრებილნი და აქ არ მდგარნი. ყველანი, ვინც მზად ხართ ამ ქვეყნისთვის, მისი მომავლისთვის იშრომოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ღირსების მედლები გადაეცათ „რეგიონული ჰოსპიტალის“ ქირურგ-ოფთალმოლოგ რევაზ ომიაძეს, „ნიუ ჰოსპიტალის“ ქირურგ-ოფთალმოლოგ მარიამ გოლოვაჩოვას, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორ მაკა გვარამიასა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე სოლომონ როსტომაშვილს.