weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნისთვის მტკიცებულებათა უფრო მაღალი სტანდარტი უნდა იყოს – კაკულია

09:55 ხუთშაბათი, 27 ივნისი 2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია, რომელმაც ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირა, მიიჩნევს, რომ პროკურატურას პარლამენტში ამ გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი მტკიცებულებები არ წარუდგენია.

„პატივს ვცემ ჩემი ყველა კოლეგის გადაწყვეტილებას. ამას ხაზგასმით ვამბობ. ყველამ ინდივიდუალური გადაწყვეტილება თავად მიიღო.

შესაძლოა ვცდები, მაგრამ ჩემი აზრი ასეთი იყო, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში მტკიცებულებათა წარმოდგენის უფრო მაღალი სტანდარტი უნდა არსებობდეს.

დარწმუნებული ვარ, ყველა ფიქრობს, რომ ასეთი ტიპის ქმედებები არ შეიძლება სამართლებრივი რეაგირების გარეშე დარჩეს და მეც მათ რიცხვში ვარ, მაგრამ ამ ცდუნებას არ უნდა დაეკნინებინა აი, იმ გადაწყვეტილების ხარისხი, რომელსაც საპარლამენტო რესპუბლიკაში დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა ჰქვია“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

26 ივნისის პლენარულ სხდომაზე, ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს 91-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

ხმის მისაცემად რეგისტრირებული სულ 94 დეპუტატიდან სამს - ბექა ოდიშარიას, რომან კაკულიას და მირიან წიკლაურს - კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობა არ მიუღია. ოდიშარიამ და წიკლაურმა მოგვიანებით განმარტეს, რომ მელიას წინააღმდეგ მისცეს ხმა, რაც ტექნიკური ხარვეზის გამო არ დაფიქსირდა.

უმრავლესობის კიდევ ერთ დეპუტატს, მარიამ ჯაშს საერთოდ არ გაუვლია ხმის მისაცემად რეგისტრაცია, მიუხედავად იმისა, რომ სხდომას ესწრებოდა. როგორც მან თქვა, ეს გადაწყვეტილება შეიძლება საზიანო ყოფილიყო თავად პარლამენტის ინსტიტუტისთვის.

როგორც უმრავლესობის წევრმა, ბიძინა გეგიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, კენჭისყრის დროს პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა, თუმცა რეგისტრაცია არც მას გაუვლია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]