„დღეს იგეგმებოდა პარლამენტისთვის მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენა.
ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა, როდესაც მთავრობა და პარლამენტი აკეთებენ შეფასებას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
ბუნებრივია, ჩვენ ვართ ვალდებული, საქართველოს პარლამენტს და საზოგადოებას წარვუდგინოთ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ - ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, საგარეო პოლიტიკის, ჯანდაცვის, განათლებისა და ყველა სხვა მიმართულებით, მაგრამ, ამავე დროს,
ვფიქრობ - ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, საუბარი სამთავრობო პროგრამაზე იქნებოდა შეუსაბამო საზოგადოებრივ ინტერესებთან. შესაბამისად, მზად ვარ ნებისმიერ სხვა დროს, მათ შორის, რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის წლიური ანგარიში წარვუდგინო საკანონმდებლო ორგანოს.
ვინაიდან მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენები, დღეს საღამოს ვგეგმავ ქართულ მედიასთან შეხვედრას, რათა პასუხი გავცე აქტუალურ შეკითხვებს“, – აღნიშნულია მამუკა ბახტაძის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში, მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
პრემიერ-მინისტრს წლიური ანგარიში საკანონმდებლო ორგანოსთვის დღეს უნდა წარედგინა, თუმცა მისი გამოსვლა გადაიდო. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, არსებულ ვითარებაში შეუძლებელი იქნება მთავრობის ანგარიშის სათანადოდ განხილვა.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში პარლამენტს წარუდგინოს მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. საგაზაფხულო სესია ხვალ იხურება.