„ძალიან მიჭირს კომენტირება იმაზე, რა მოხდა 20 ივნისს. სიტყვებით ამის შეფასება რთულია. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, მაგრამ სერიოზულ კითხვის ნიშნებს იწვევს ორგანიზაციის გენერალური მდივნის საქციელი. იქ არსებობს ისეთი კითხვის ნიშნები მის ქცევაზე, რომელსაც შესაბამისი პასუხები უნდა გაეცეს“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ მედიასთან შეხვედრისას.
ჟურნალისტის კითხვას, განმუხტავდა თუ არა ვითარებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველსავე დღეს გადადგომა, პრემიერმა უპასუხა, რომ ირაკლი კობახიძე ამ გადაწყვეტილების მისაღებად მზად იყო.
„ირაკლი კობახიძემ მიიღო ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება, ის მზად იყო, მიეღო ეს გადაწყვეტილება პირველსავე დღეს. თუმცა, 20 ივნისს, ის იმყოფებოდა ვიზიტით ბაქოში და როგორ წარმოგიდგენიათ, პარლამენტის თავმჯდომარეს საერთაშორისო ვიზიტისას გაეკეთებინა ეს განცხადება. მან შეწყვიტა ვიზიტი, გაიმართა მყისიერი შეხვედრა პოლიტსაბჭოსთან, სადაც მან საკუთარი გადაწყვეტილება გაახმოვანა და ეს იყო ღირსეული ნაბიჯი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძე.
20 ივნისს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა გახსნა. მან ადგილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაიკავა, მის გვერდით კი ასამბლეის გენერალური მდივანი იჯდა.
რუსი დეპუტატის გამოჩენა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, თბილისში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების საბაბი გახდა.