გავრილოვის თქმით, ის საქართველოში ჩამოსვლას მიმდინარე წლის შემოდგომაზე გეგმავს.
„ძალიან მინდა [საქართველოში ჩასვლა], იქ მე პირადი გეგმები მაქვს. ვაპირებთ, შემოდგომაზე, როდესაც სიცხე გადაივლის, იქ ბავშვებთან ერთად მოსალოცად ჩავიდეთ. მინდა, რომ ჩემმა შვილებმა იცოდნენ ამ ქვეყნის შესახებ იმიტომ, რომ საქართველოს მსგავსი ადგილი სხვა არ გვაქვს“, – განაცხადა გავრილოვმა რუსულ მედიასთან.
სერგეი გავრილოვი რუსულ დელეგაციასთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად 19 ივნისს ჩამოვიდა. 20 ივნისს ასამბლეის სესია პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაიწო, სადაც მან დელეგატებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა. ამ ფაქტმა ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი გამოიწვია, რომლებიც ღონისძიებას ბოიკოტს უცხადებდნენ და დარბაზში არ იმყოფებოდნენ. მათი პროტესტის შედეგად, პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია შეწყდა.
როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, პროტოკოლით შეთანხმებული არ იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომას გავრილოვი წაიყვანდა.
მოგვიანებით პარლამენტის წინ მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადადგომა მოითხოვეს. მათ პარლამენტში შესვლაც სცადეს, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. მეორე დღეს ირაკლი კობახიძე გადადგა. გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლის მოთხოვნით კი, აქცია-მსვლელობები დღემდე იმართება.