„მისასალმებელი და ძალიან სასიხარულოა ახალგაზრდების კონსტრუქციული პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ქვეყნის მომავალი თქვენ ხელშია და საარჩევნო ბარიერის გაუქმებით თქვენ, ახალგაზრდებს გეძლევათ პოლიტიკაში შემოსვლისა და ქვეყნის მმართველობით პროცესში ჩართვის მეტი შანსი.
ასევე, მინდა გითხრათ, რომ მთავრობის დაქვემდებარებაში იქმნება ახალგაზრდული პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს ახალგაზრდობისთვის საინტერესო ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას.
მოხარული ვიქნები, თქვენთან შეხვედრით და თანამშრომლობის შესაძლებლობით. ჩვენთვის თქვენი პოზიცია ყოველთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, – წერს მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელში.
35 სტუდენტი, რომელიც ღია წერილს აწერს ხელს, ბიძინა ივანიშვილს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნას თხოვენ. ისინი მიესალმებიან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერით ჩატარებას.
„დღეს შესაძლოა, ყველა ეს მნიშვნელოვანი მონაპოვარი საფრთხის ქვეშ დადგეს. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ობიექტურად შეფასებული 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენები. თუ ვთანხმდებით სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობის აუცილებლობაზე, დასაგმობი და კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმის მიტანა, თუმცა ამავდროულად, დაუშვებელი და გაუმართლებელია სახელმწიფოს მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენება ახალგაზრდების მიმართ. არ დაიშუროთ ძალისხმევა, რათა ხელისუფლების სიმბოლოდ არ იქცეს თვალებდაკარგული ახალგაზრდები.
სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისაგან შემდგარმა საინიციატივო ჯგუფმა უკვე არაერთხელ მიმართა პრემიერ-მინისტრს, შექმნილიყო საქართველოს მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო, რომლის უპირველესი მიზანი იქნება სწორედ კომუნიკაციის გაძლიერება მთავრობასა და ახალგაზრდებს შორის. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, დაუჭირეთ მხარი ამ ფორმატის შექმნას. დიალოგი ახალგაზრდებსა და ხელისუფლებას შორის ერთადერთი გზაა, თავიდან ავიცილოთ ესკალაცია და შევინარჩუნოთ სტაბილურობა ქვეყანაში“, – ნათქვამია სტუდენტების საინიციატივო ჯგუფის წერილში.