weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პროპორციული საარჩევნო სისტემა შესაძლოა მუდმივი კრიზისების წყარო გახდეს – მირიან წიკლაური

14:11 ორშაბათი, 01 ივლისი 2019

პარლამენტის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მირიან წიკლაური სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს არ უჭერს. მისი თქმით, ხელისუფლება საზოგადოებას „უაზრობამდე მისულ“ საარჩევნო კანონს სთავაზობს, რომელიც მომავალში, შესაძლოა, მუდმივი კრიზისების წყარო გახდეს.

დეპუტატის აზრით, უმჯობესი იქნებოდა, პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პოზიცია მოსახლეობას რეფერენდუმის საშუალებით დაეფიქსირებინა.

„ჩემი აზრით, ხელისუფლება საზოგადოებას სთავაზობს უაზრობამდე მისულ საარჩევნო კანონს. ამ კანონით ვისაც არ ეზარება, შეუძლია ყველას პარლამენტში მოხვდეს. პირადად მე არ ვუჭერ პროპორციულ სისტემას მხარს.

ჩემი აზრით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არც თუ სასარგებლო იქნება ჩემი ქვეყნის მომავლისათვის. ამან თავისთავად შეიძლება დროებითი განმუხტვითი შედეგი გამოიღოს, მაგრამ სამომავლოდ მუდმივი კრიზისების წყარო გახდეს.

ქვეყანაში ვერ გვექნება მყარი უმრავლესობა, თავისთავად უნდა მოხდეს ერთმანეთთან დაპირისპირებულ ძალებს შორის მოლაპარაკებები, რაც ძალიან რთული იქნება, მაგალითად, ისეთ თემებზე როგორიცაა ბიუჯეტი, მთავრობის ჩამოყალიბება, პრეზიდენტის არჩევა. შესაძლებელია ხშირ შემთხვევაში მთავრობის ჩამოყალიბებასა და ბიუჯეტის დაუმტკიცებლობასთან ერთად პრეზიდენტის კანდიდატურაზეც ვერ მოხდეს შეთანხმება. ამან დიდი კრიზისები შეიძლება გამოიწვიოს“, – განაცხადა მირიან წიკლაურმა, რომელიც 2012-2016 წლებში, „ქართული ოცნებიდან“ ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

24 ივნისს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გამოდიან ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდეს.

„იმედი გვაქვს, რომ ამ გზით, 2020 წელს მივიღებთ პარლამენტს, სადაც თითქმის ყველა პოლიტიკური აქტორი და ამ ქვეყნის მთელი ინტელექტუალური პოტენციალი იქნება წარმოდგენილი. არავის დასჭირდება ვინმესთან მიკედლება, ხელოვნური გაერთიანება და ხშირად საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა, რათა თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში“, – განაცხადა ივანიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]