weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა შეწყდა

12:09 ორშაბათი, 08 ივლისი 2019

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დღეიდან გაურკვეველი ვადით შეწყდა. დღეს, 8 ივლისს, ამოქმედდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ 21 ივნისს ხელმოწერილი განკარგულება, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების განხორციელებას უკრძალავს.

როგორც პუტინის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თავის დროზე განმარტა, ავიამიმოსვლის აკრძალვა იძულებითი ღონისძიებაა, რომელიც თბილისში „ექსტრემისტული მოქმედებების ფონზე“ რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას ისახავს მიზნად. პესკოვის თქმით, ავიამიმოსვლა სიტუაციის ნორმალიზების შემდეგ აღდგება.

რუსეთის მიმართულებით რეისების შესრულება აეკრძალათ ქართულ ავიაკომპანიებსაც. როგორც 22 ივნისს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, ქართული ავიაკომპანიების ფრენები რუსეთის ტერიტორიაზე 8 ივლისიდან შეჩერდებოდა. ამის მთავარ მიზეზად „საავიაციო უსაფრთხოების“ უზრუნველყოფა დაასახელეს.

რუსეთის ქალაქების მიმართულებით საქართველოდან ფრენებს ქართული ავიაკომპანიები „საქართველოს ავიახაზები“ და MyWay Airlines ახორციელებდნენ, ხოლო რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით რუსული ავიაკომპანიები - „აეროფლოტი“, „S7“, „პობედა“, „ურალის ავიახაზები“, „Red Wings“ და „Smartavia“.

რუსეთის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებებს წინ უძღოდა თბილისში მრავალათასიანი საპროტესტო აქციების დაწყება, რაც გამოიწვია მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატების საქართველოში ჩამოსვლამ.

20 ივნისს, კომუნისტური პარტიის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა, რომელიც ასამბელის პრეზიდენტიც არის, ადგილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაიკავა და იქიდან გახსნა რიგით 26-ე სესია. მისმა ამ საქციელმა საზოგადოების პროტესტი გამოიწვია, რასაც თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია „სირცხვილია“ მოჰყვა. რუსი დეპუტატების დელეგაცია იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა.

„ქართულმა ოცნებამ“ განმარტა, რომ სერგეი გავრილოვის გამოჩენა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნაზე შეუთანხმებელი იყო. რუსი დეპუტატი კი ამბობს, რომ იქ დაიკავა ადგილი, სადაც ქართულმა მხარემ მიუთითა.

21 ივნისს, აქციის დარბევიდან მეორე დღეს, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, ხელისუფლება კი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას დათანხმდა. შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგმის მოთხოვნით, საპროტესტო გამოსვლები დღემდე გრძელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]