როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას განცხადებები არც ჟურნალისტური და არც კერძო ტელეკომპანიის სარედაქციო ექსცესი არ არის.
„ეს არის მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, საქართველოს ეროვნული ინტერესების და ქართველი ხალხის წინააღმდეგ წარმოებული მრავალწლიანი ომის ნაწილი, რომლის საინფორმაციო ფრონტი მათ მიერვე მიტაცებული ტელევიზია - „რუსთავი 2“-ზე გადის და სრულად ჯდება ზიზღის, სიცრუისა და ძალადობის პარტიული მანქანის სარედაქციო პოლიტიკაში.
ამის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება ტელეკომპანიის დირექტორის და იმავდროულად ნაციონალური მმართველობის პერიოდის პროკურორის, ნიკა გვარამიას საეთერო პრაქტიკაა. მათ საზოგადოება უკვე შეაჩვიეს პირდაპირი ეთერიდან დედის გინებას, მათ შორის ჩვენი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მისამარმართით,
მაგრამ პირდაპირ ეთერში წინაპრების საფლავების გინება სცდება არა მარტო ქართულ და კავკასიურ, არამედ ზოგადად ცივილიზაციურ ჩარჩოებს. ამის ჩამდენი თავად აყენებს თავს ცივილიზაციის მიღმა.
უბინძურესი პოლიტიკური პროვოკაცია, რაც „რუსთავი 2“-ის ეთერში იხილა ქართულმა საზოგადოებამ, წარმოადგენს ქართველი სამართალდამცავების მიერ აღკვეთილი სახელმწიფო გადატრიალების ხელახალ მცდელობას, რაც მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას, სახელმწიფოთა შორის კონფლიქტის ახალი ტალღის წარმოშობას, საქართველოს მოქალაქეებისთვის ეკონომიკური პრობლემების შექმნას, სანქციების პროვოცირებას.
ეს განცხადება პირდაპირი და გარდაუვალი რისკის ქვეშ აყენებს რუსეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს.
სახეზეა მცდელობა, რომ ამ პროვოკაციაზე ხელისუფლების და საზოგადოების ჯანსაღი რეაქცია სიტყვის თავისუფლებაზე შეტევად გაასაღონ. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება სრულად არის დაცული და სწორედ ხელისუფლებაა ამ თავისუფლების გარანტი - ჩვენ ქვეყანასაც დავიცათ, ხალხსაც და სახელმწიფოს მშვიდობიანი და დემოკრატიული განვთარების პერსპექტივასაც.
დარწმუნებულები ვართ, საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს მისცემს მიმდინარე მოვლენებს და შესაბამის დასკვნებს გააკეთებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.