რუსეთის საგარეო უწყება მომხდარს განიხილავს, როგორც „საქართველოს რადიკალური ძალების კიდევ ერთ აშკარა პროვოკაციას, რომელიც მიმართულია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ძირის გამოსათხრელად“.
მათივე თქმით, ბოლო ინციდენტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს „რუსოფობიამ“.
„აღვნიშნავთ, რომ ამჯერად (რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრებზე 20 ივნისს მომხდარი თავდასხმისგან განსხვავებით) საქართველოს ხელისუფლებამ არ დაიწყო რადიკალების გამართლება, არამედ იპოვა ძალები იმისთვის, რომ პროკოკატორებისგან გამდგარიყო და დაეგო მათი საქციელი. ჩვენ ასევე ვხედავთ იმ სამართლიან აღშფოთებას, რომელიც მომხდარს ქართულ საზოგადოებაში მოჰყვა.
ველოდებით ადეკვატურ რეაქციას პროფილური საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური თანამეგობრობისგან (საზოგადოებისგან). ამის მსგავს გამოვლინებებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს ცივილიზებულ ქვეყნებში“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც მის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
გიორგი გაბუნიამ 7 ივლისს, გადაცემა „P.S.“ რუსულ ენაზე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინებით დაიწყო. ტელეწამყვანმა გინებით მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც. „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განმარტა, რომ ეს იყო გაბუნიას საავტორო ტექსტი და ტელეარხისთვის კატეგორიულად მიუღებელია წამყვანის თვითგამოხატვის ფორმა.
ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების გარდა, გაბუნიას განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების შეფასებით, „რუსთავი 2“-ის მხრიდან გამოყენებულ გამონათქვამებს „არაფერი აქვს საერთო სიტყვის თავისუფლებასთან და წარმოადგენს წმინდა წყლის პროვოკაციას, რომელიც მიმართულია საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებული ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო დაძაბვისაკენ“.
გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მოუწოდა, სათანადო შეფასება მისცეს ტელეკომპანიის და კონკრეტულად გიორგი გაბუნიას საქციელს, რომელმაც „უხეშად უგულველყო საერთაშორისო პროფესიული ნორმები და სტანდარტები“.
„ცხადია, რომ ადგილი აქვს მიზანმიმართულ ქმედებას ქვეყანაში დესტაბილიზაციის განცდის დამკვიდრების მიზნით, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ცდილობს დაძაბულობის დეესკალაციას“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.