პრეზიდენტმა ყველას – შიგნით და გარეთ – დეესკალაციისკენ მოუწოდა.
„მივმართავ იმ ძალებს ქვეყანაში, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ ამ ქვეყნის სტაბილურობას, ესე იგი მის მთავარ მონაპოვარს, მის მთავარ ღირებულებას რეგიონალური და საერთაშორისო პარტნიორებისთვის, საკუთარი პოლიტიკური მიზნების გამო საფრთხის ქვეშ აყენებს. პატრიოტიზმი ქვეყნის დისკრედიტაციასა და დესტაბილიზაციაზე არ გადის.
მივმართავ მათ, ვინც უპასუხისმგებლო ქმედებებითა თუ განცხადებებით პატრიოტიზმის დროშის ქვეშ, აზარალებს ჩვენს მოქალაქეებს და მათ ეკონომიკურ კეთილდღეობას აქ და ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
პატრიოტიზმი სწორედ საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვაა. მოვუწოდებ იმ ძალებსაც, რომლებსაც, ასევე, პატრიოტული ლოზუნგებით საზოგადოებაში დაძაბულობა და დაპირისპირება შეაქვთ. ყველას შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო პლატფორმა დიალოგისა და შეთანხმების, თქვენივე მოთხოვნების საფუძველზეა შექმნილი. პროპორციული სისტემა ყველას უხსნის საკუთარი ამბიციების კარს, ახალი საარჩევნო კოდექსი ამზადებს კიდევ უფრო სამართლიან არჩევნებს.
ყველას მოგიწოდებთ, მშვიდობიანი არჩევნების გზით, თქვენი მოთხოვნები ხალხის არჩევანის წინაშე დააყენოთ და საზოგადოების პასუხს დაელოდოთ.
ჩემი მხრიდან არაერთხელ მოგიწოდეთ შერიგებისკენ, ცოტა ხნის წინ ასევე შევთავაზე ყველა ძალას საპრეზიდენტო დიალოგის პლატფორმა. ეს შეთავაზება ძალაშია ყველასთვის, ვისაც ქვეყნის წინსვლა და სტაბილური მომავალი სურს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, თავისუფლება განუყოფელია პასუხისმგებლობისგან.
„როგორც საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ადამიანის უფლებების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გარანტი და დამცველი, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თავისუფლება განუყოფელია პასუხისმგებლობისგან. ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობა მოითხოვს, რომ გვერდზე გადავდოთ ემოციები, გვერდზე გადავდოთ პოლიტიკური გემოვნება; ვიფიქროთ და ვიზრუნოთ საზოგადოებრივ სიმშვიდესა და ქვეყნის სტაბილურობაზე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.