weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ თქვენ უდიდესი ერი ხართ - დონალდ ტუსკი

13:32 ხუთშაბათი, 11 ივლისი 2019

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში რჩება.

„არსებობს გარკვეული ეჭვები გაფართოებასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ასეთი ეჭვები არ მაქვს. თუმცა გაწევრიანება ერთ დღეში არ ხდება და ის დროსა და წევრი ქვეყნების სოლიდარობას საჭიროებს“ - განაცხადა ტუსკმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, რაშიც არავის ეპარება ეჭვი, არის ის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა, რომელიც ევროკავშირსა და ექვსივე პარტნიორს შორის ურთიერთობათა განმტკიცებისკენაა მიმართული, თითოეულ პარტნიორს დიფერენცირებულ მიდგომას სთავაზობს, თავიანთი მისწრაფებებისა და შესაძლებლობების შესაბამისად. „ჩვენ  განვაგრძობთ შესაძლებლობების განვითარებას და ევროკავშირსა და დაინტერესებულ პარტნიორებს შორის პოლიტიკური ასოცირების და შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაციის დაჩქარებას, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნის ამოსავალ მიზანს წარმოადგენდა და ის დღესაც ძალაშია“ - აღნიშნა დონალდ ტუსკმა.

თავის გამოსვლაში მან ვრცლად ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობასა და იმ კონკრეტულ სარგებელზე, რომელიც მას თითოეული პარტნიორი ქვეყნისთვის მოაქვს. მისი თქმით, პირველი ათი წლის მანძილზე, ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებებს საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან. უმჯობესდება სატრანსპორტო კავშირები და ინფრასტრუქტურა, რაც ევროკავშირსა და მის პარტნიორ ქვეყნებს შორის ეკონომიკისა და ვაჭრობის განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის, იდგმება ნაბიჯები ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესების მიმართულებით. განსაკუთრებული მნიშვნელობა კი, ტუსკის თქმით, ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმების ამოქმედებას ენიჭება.

„ვიზალიბერალიზაცის შედეგად მე  ბევრი ქვეყანა გავიცანი, მათი სიმდიდრე დავინახე. მინდა გავიხსენო თუ რას წერდა ვაჟა-ფშაველა, ერთ-ერთი უდიდესი ქართველი კლასიკოსი კოსმოპოლიტიზმისა და პატრიოტიზმის შესახებ:

„ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი პატრიოტია“ - ვაჟა ამ სიტყვებს ჯერ კიდევ 100 წლის წინ ამბობდა და ის გულისხმობდა გლობალიზაციას.

ეს პარტნიორობაც ხომ სწორედ ამ მიზნით არის შექმნილი, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდეს ურთიერთობები“ - აღნიშნა ტუსკმა.

მისი თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობა როგორც ევროპაში, ისე დანარჩენ წევრ ქვეყნებში ძალიან რთულ პოლიტიკურ კონტექსტში ვითარდება. საქართველო კონფლიქტების მხრივ ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას და მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არ წარმოადგენს კონფლიქტების მოგვარების მექანიზმს, ის დაეხმარება საქართველოს სტაბილურობის შენარჩუნებაში.

„როდესაც ვამბობ საქართველოს, ვგულისხმობ თავისუფლებას; როდესაც ვამბობ საქართველოს, ვგულისხმობ სიამაყეს; როდესაც ვამბობ საქართველოს ვგულისხმობ სიმამაცეს. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ თქვენ უდიდესი ერი ხართ. თქვენ შეუძლებელი შესძელით, გაერთიანდით საერთო მიზნისთვის და გააოცეთ მთელი ევროპა. არავის მისცეთ უფლება დაგყოთ, გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს“, - განაცხადა ტუსკმა გამოსვლის დასასრულს.   ​

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]