ქუცნაშვილმა ქალაქ დუშეთში რეაბილიტირებული გზები დათვალიერა და გოგებაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს გაესაუბრა. ასევე, მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების პროექტებს გაეცნო და სოფლების - კადოეთის და ლამოვანის მცხოვრებლებს შეხვდა.
„მინდოდა ჩემი თვალით მენახა ლამოვანშიც, კადოეთშიც როგორ განხორციელდა წყლის ჭაბურღილების მშენებლობის პროექტები. ამოვედი, დავათვალიერეთ, არის სხვადასხვა ხარვეზები. დავინახე, რომ ჩვენი მოქალაქეები ძალიან პატიოსნად უდგებიან დაპირებების შესრულებას, ძალიან გაგებით უდგებიან დაპირებების შესრულების კვალობაზე წარმოშობილ პრობლემებს. გამოიკვეთა ერთ-ერთი პრობლემა, რომ ადგილი აქვს წყლის დატაცებას, რაც გამოიხატება ბოსტნებისა და ბაღების მორწყვაში და ეს აგდებს წყლის წნევას, ეს იწვევს ზედა დასახლებებში წყალმომარაგების შეფერხებას. აუცილებელია ყველა მუნიციპალიტეტს ჰქონდეს წყალმომარაგების ლიცენზია, რომ სოფლები გადავიდეს რეგისტრირებულ მოხმარებაზე, რომ წყლის დატაცებას ადგილი არ ჰქონდეს. სხვათაშორის, მოსახლეობა ითხოვს წყლის მრიცხველების დაყენებას. ამით დუშელები ლიდერები არიან რეგიონში მოთხოვნის სისწორესა და სამართლიანობაში“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტის წევრის მანდატის დატოვებაზე 21 ივნისს განაცხადა. ამას წინ უძღოდა, 20 ივნისს, პარლამენტში, მართლმადიდებლური ასამბლეის ფარგლებში, რუსული დელეგაციის ვიზიტი. ასამბლეას რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი რუსულ ენაზე უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდან. როგორც გაირკვა, ასამბლეის ფორმატის შესახებ ინფორმირებული იყო ქუცნაშვილი.
თბილისში გავრილოვის ვიზიტს ხალხმრავალი საპრპოტესტო აქციები და დაძაბულობა მოჰყვა. საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა, გავრილოვი რუსული დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად მოსკოვში სასწრაფოდ დაებრუნებინა. იმავე საღამოს, მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა პარლამენტის შენობის წინ, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ირაკლი კობახიძის გადადგომის მოთხოვნით. საპროტესტო აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. დაშავდა 240 ადამიანი, ორმა ადამიანმა კი თვალი დაკარგა.
საქართველოს პარლამენტში „რეგინფოს“ განუმარტეს, რომ ზაქარია ქუცნაშვილმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით 28 ივნისს მიმართა. თავმჯდომარემ წერილი რეაგირებისთვის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადაუგზავნა. იმის გამო, რომ საგაზაფხულო სესია დასრულებულია, ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა რიგგარეშე სხდომაზე უნდა მოხდეს. რიგგარეშე სხდომა ივლისის ბოლომდე ვერ გაიმართება, რადგან პარლამენტის ახალარჩეული თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე 15 ივლისს, ვიზიტით აშშ-ში მიემგზავრება.
მოქმედი კანონმდებლობით, თუ ზაქარია ქუცნაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება 15 ივლისის შემდეგ შეუწყდა, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის გაერთიანებულ ოლქში შუალედური მაჟორიტარული არჩევნები 2020 წლის გაზაფხულზე უნდა გაიმართოს.