ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“ გახარიამ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას უთხრა, რომ შეცდომაშია შეყვანილი იმის თაობაზე, რომ აქციის მონაწილეებისთვის ნასროლი ტყვიები ცხოველების გასანეიტრალებლად გამოიყენება.
„ეს არის არალეტალური ტყვია, რომელიც გამოიყენება სამართალდამცავი სისტემის მიერ მასების მართვისთვის, არა მარტო საქართველოში არამედ ყველგან, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ოთხი სახის ტყვია იყო გამოყენებული. ეს ტყვია არის სრულ შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან. სხვათაშორის, ეს, რომელსაც თქვენ ამბობთ - ნარინჯისფერი, 2012 წელსაა შეძენილი და მას შემდეგ ყოველთვის, ყველგან იყო აღჭურვილობაში.
ამ ტყვიას ინსტრუქციაში უწერია, რომ მისი გამოყენების ეფექტური მანძილია 10 მეტრიდან. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, ინსტრუქციით, ჩვენს პოლიციელებს აქვთ მითითება, რომ ეს ტყვია უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ 20 მეტრიდან. ასევე გეტყვით, რომ ყველა ის პროფესიონალი, ვისაც საერთოდ თემა ესმის, ის ხვდება და იცის, რომ ამ ტყვიის დამიზნება შეუძლებელია. როდესაც ვიღაც ამბობს, რომ დამიზნებით ესროდნენ თვალში, ეს არის სრული აბსურდი, სიცრუე და ჩვეულებრივი ტყუილი, რომელსაც იყენებენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, 20 ივნისის ღამეს პოლიციის მიერ ძალის გამოყენება ლეგიტიმური და პროპორციული იყო. შს მინისტრის განცხადებით, იყო ძალის გადამეტების კონკრეტული შემთხვევები, რომელსაც პროკურატურა იძიებს.
ოფიციალური მონაცემებით, 20 ივნისის ღამით განვითარებული მოვლენების შედეგად 240 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოებში, მათგან 80 სამართალდამცველი იყო. აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა.