weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პანკისის შემთხვევა იყო განსაკუთრებული. გპირდებით, მოჰყვება თავისი შედეგები - გახარია

22:29 ხუთშაბათი, 11 ივლისი 2019

„პანკისი იყო განსაკუთრებული შემთხვევა. პანკისი იყო სპონტანური აქცია, პანკისი იყო მოსახლეობა და პანკისის უკან იდგა კომერციული სტრუქტურის კომერციული ინტერესი. საერთოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი ძალებით იქ უნდა ყოფილიყო თუ არ უნდა ყოფილიყო, ეს სხვა თემაა. ნუ ვადარებთ ამ ორ თემას ერთმანეთს (პანკისის შეტაკება და თბილისში აქციის დარბევა). გპირდებით, მე ვიღებ რა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, პანკისის შემთხვევასაც თავისი შედეგები მოჰყვება“, - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

გადაცემა „რეაქციის“ წამყვანმა, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ მინისტრს ჰკითხა: თქვენ ამბობდით, რომ პანკისის მოვლენებისას მონაწილე ყველა პირი სათანადოდ აგებდა პასუხს, მაგრამ პასუხი არავის უგია. 

- როდის?

- თქვენთან მოვალ... გახსოვთ, მე და თქვენ ერთხელ ვისაუბრეთ და თქვენ ზუსტად იგივე ტონალობაში მეუბნებოდით ხორავას ტრაგედიაზე და ყოველთვის გპირდებოდით, რომ ეს არის ჩემი პირადი პასუხისმგებლობა, რომელსაც მე ბოლომდე მივიყვან. მივიყვან, მოვალ და პანკისზეც გესაუბრებით. 

ჟურნალისტმა შს მინისტრს ასევე ჰკითხა რამდენიმე დღის წინ ექსპერტებთან გამართული შეხვედრის თაობაზეც. შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, სამხედრო ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ მედიასთან განაცხადა, რომ თბილისში, 20 ივნისის აქციის დაშლის დროს ნარინჯისფერი ტყვიები, პანკისის აქციების გამოცდილების გამო იქნა გამოყენებული. 

„ეს შეფასებითი ნაწილია. სპეციალური საშუალებების ეს აღჭურვილობა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს აქვს ყოველთვის, სადაც არ უნდა იყოს, მათ შორის პანკისშიც ჰქონდა, მაგრამ, რაიმე კავშირი, იქ იყო გამოყენებული და აქ არ იყო გამოყენებული, ამაში არ არის. პანკისის შემთხვევა არის განსაკუთრებული შემთხვევა და არანაირი ტოლობის ნიშნის დასმა ამ ორ ღონისძიებას შორის არ შეიძლება“, - აღნიშნა გახარიამ.

21 აპრილს, პანკისის ხეობაში სამართალდამცავებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, შსს-ს მონაცემებით, 55 ადამიანი დაშავდა - 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე. სინამდვილეში, ბევრად მეტი ადგილობრივი დაშავდა. ჭრილობებს ისინი სახლის პირობებში იშუშებდნენ და სამედიცინო დაწესებულებებისთვის არ მიუმართავთ. აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის ტრაქტორიც დაწვეს. დაპირისპირება ხეობაში, მდინარე ალაზანზე მესამე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის განახლებას მოჰყვა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი ეწინააღმდეგებოდა. 

შეტაკების შემდეგ, ხეობაში ჩასულმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა: „ჩვენ შევთანხმდით ასეთ რაღაცაზე, რომ ჰესს მოსახლეობის 90 % რომ დაუჭერს მხარს, მხოლოდ მაშინ აშენდება. მე ჰესის გამო აქ არ ამოვსულვარ, მე ამოვედი აქ იმის გამო, რომ ქვები ესროლეთ ფორმიან ადამიანს. თითოეულ კადრს გავაანალიზებთ და ვნახავთ ვინ, ვის, რა ესროლა. ყველა ის ადამიანი, რომელმაც ფიზიკურად იძალადა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე, კანონის სრული პასუხისმგებლობით აგებს პასუხს. ჩვენს ასევე შევთანხმდით, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმი ხეობას დატოვებს, მაგრამ პოლიცია დარჩება ხეობაში და დაიცავენ მართლწესრიგს და უსაფრთხოებას“.

პანკისში 21 აპრილს მომხდარ შეტაკებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით აწარმოებს, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]