ჯავახაძის თქმით, გერმანიის ელჩი იმ ღამეს პარლამენტში იმყოფებოდა, დანარჩენი ელჩები კი მთელი ღამის განმავლობაში შსს-სთან „ხაზზე იყვნენ“.
„მე თავს შევიკავებ კონკრეტული ელჩების დასახელებისგან. მთელი ღამის განმავლობაში, განსაკუთრებით მას მერე, რაც სიტუაცია დაიძაბა და პარლამენტში შტურმი დაიწყო, რამდენიმე ქვეყნის ელჩი გყავდა პირდაპირ კავშირზე. გერმანიის ელჩი კი ვითარების დაძაბვის მომენტიდან იმყოფებოდა პარლამენტის შენობაში. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ქვეყნის საელჩომ იმ ღამესვე, მდგომარეობის გართულების შემდგომ, გააკეთა შესაბამისი ღია განცხადება. ეგეც შეგვიძლია ამოვიღოთ და ვნახოთ“, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ განაცხადა გიორგი გახარიამ, რომ პარლამეტის შენობაში რამდენიმე ქვეყნის ელჩთან ერთად იმყოფებოდა და იქიდან აკვირდებოდა მოვლენებს, ნინო ჯავახაძემ განაცხადა, რომ „დიახ, არის ინტერპრეტაციის საშუალება“.
„გარკვევით მინდა განვაცხადო, ხაზზე გვყავდა რამდენიმე ქვეყნის ელჩი, ფიზიკურად იქ იმყოფებოდა გერმანიის ელჩი მისივე ინიციატივით“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“ თქვა, რომ 20 ივნისის ღამეს ხედავდა, ზოგიერთი პოლიტიკოსი როგორ ხელმძღვანელობდა შტურმს.
„უშუალოდ ვხედავდი, ზოგიერთი პოლიტიკოსი როგორ ხელმძღვანელობდა და ლიდერობდა ამ შტურმს. უშუალოდ ვხედავდი ზემოდან და მარტო კი არ ვიყავი, რამოდენიმე ქვეყნის ელჩი იყო ჩემთან ერთად. და ზოგიერთი კიდევ, არ დავასახელებ, ამასაც გამოძიება დაადასტურებს, ვინ იყო იქ და რაში იღებდა მონაწილეობას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.