weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქუცნაშვილის საქმიანობა პარლამენტის კომისიამ უნდა შეისწავლოს – სამადაშვილი

11:25 შაბათი, 13 ივლისი 2019

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, პარლამენტში უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ზაქარია ქუცნაშვილის საქმიანობას შეიწავლის.

დეპუტატი სამადაშვილი გამოეხმაურა „კურიერის“ მიერ მოპოვებულ წერილს, საიდანაც, „რუსთავი 2“-ის თანახმად, ირკვევა, რომ ჯერ კიდევ ორი წლის წინ საქართველოს ელჩები საგარეო უწყებას აფრთხილებდნენ, რომ ზაქარია ქუცნაშვილი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა. „რუსთავი 2“-ის ცნობით, საქართველოს ელჩი ვატიკანში თამარ გრძელიძე წერილში წერს, რომ ქუცნაშვილის გამოსვლები მართლმადიდებლურ ფორუმზე საშიშია და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ურტყამს.

„მიმაჩნია, რომ ზალკალიანიც უნდა გადადგეს თანამდებობიდან ისევე, როგორც გახარია. გარდა ამისა,

მიმაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტში უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ აქტს, რაც იყო გავრილოვის ვიზიტი საქართველოში, ყველა კომპონენტის ჩათვლით, მათ შორის, შეისწავლის წლების მანძილზე ქუცნაშვილის საქმიანობას სწორედ ამ ფორუმის ფარგლებში.

რუსეთის ეკლესია ეს არის პუტინის გავლების პირდაპირი მექანიზმი, რბილი ძალის მექანიზმი და თანამშრომლობა ამ ძალის გამოყენების მიზნით, ეს არის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საქართველოს პარლამენტს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაცია 2013 წლიდან ჰყავს. დელეგაციას ზაქარია ქუცნაშვილი ხელმძღვანელობდა, მის შემადგენლობაში კი ადა მარშანია, დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, ზვიად ძიძიგური და მამუკა ჩიქოვანი არიან.

20 ივნისს, თბილისში, ასამბლეის რიგით 26-ე სესია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოშიც რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი ჩამოვიდა. გავრილოვმა, რომელიც ასამბლეის პრეზიდენტიც არის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და იქიდან მიმართა დელეგატებს. ამ ფაქტმა საზოგადოების პროტესტი და მრავალათასიანი აქცია გამოიწვია. ზაქარია ქუცნაშვილი იძულებული გახდა, პარლამენტის დეპუტატის მანდატზე უარი ეთქვა.

ზაქარია ქუცნაშვილმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით 28 ივნისს მიმართა. თავმჯდომარემ წერილი რეაგირებისთვის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადაუგზავნა. იმის გამო, რომ საგაზაფხულო სესია დასრულებულია, ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა რიგგარეშე სხდომაზე უნდა მოხდეს. რიგგარეშე სხდომა ივლისის ბოლომდე ვერ გაიმართება, რადგან პარლამენტის ახალარჩეული თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე 15 ივლისს, ვიზიტით აშშ-ში მიემგზავრება.

მოქმედი კანონმდებლობით, თუ ზაქარია ქუცნაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება 15 ივლისის შემდეგ შეუწყდა, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის გაერთიანებულ ოლქში შუალედური მაჟორიტარული არჩევნები 2020 წლის გაზაფხულზე უნდა გაიმართოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]