როგორც პირველ არხთან სანიკიძემ განაცხადა, შეკითხვები იყო იმის შესახებ, თუ რა დაინახა, სად იყო და რომელი პოლიტიკური ორგანიზაციების ლიდერები იყვნენ ადგილზე.
„სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე არც კი უკადრებიათ, ჩემთვის შეკითხვები დაესვათ. რაც არ ყოფილა, რა უნდა შემეკითხონ.
თუმცა, მე ვუთხარი მათ, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას თუ ეძებენ, ეს უნდა მოკითხონ ხელისუფლებას, რადგან მარტივი საკითხია, გახარია რატომ არ უშვებდა ქართველ მომიტინგეებს პარლამენტის შენობაში, როგორც თვითონ იძახის და რატომ შეუშვეს გავრილოვი.
ჩემთან საუბარში და შეკითხვებში ნამდვილად ვერ დავინახე გამომძიებლების ტენდენციურობა, მცდელობაც კი არ ქონიათ, კორექტულად იქცეოდნენ და ალბათ ფიქრობდნენ კიდევაც, რომ ასე ადვილად გასატეხი კაცი არა ვარ. საუბარში ვუხსენე, რომ გაუფრთხილებლად დაიწყო მიტინგის დარბევა, რაც იყო კატასტროფა ხელისუფლების მხრიდან, რადგან არც სიტყვიერი მოწოდება იყო დაშლისა და არც არაფერი“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები - ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა, გუბაზ სანიკიძე და ირაკლი ღლონტი გამოკითხვაზე 11 ივლისს დაიბარა.
20-21 ივნისის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს: 225-ე მუხლი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს, ხოლო 315-ე მუხლის მე-3 ნაწილი – ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აქციის დაშლის დროს ცალკეულ სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო გადაცდომების მოკვლევას აწარმოებს.