„ჩვენს კოლეგებს, რუს დეპუტატებს ვთხოვეთ, რომ დაგვეხმარონ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის დამყარებაში. რუსეთის ხელისუფლება ძალიან დიდი გავლენითა და ავტორიტეტით სარგებლობს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებაში. ამიტომ ვთხოვეთ ჩვენს კოლეგებს ეს. ისინი დაგვთანხმდნენ“, – განაცხადა ადა მარშანიამ.
მისივე თქმით, ამ მოლაპარაკებების დროს შესაძლებელი იქნება სოხუმსა და ცხინვალში ქართველი დეპუტატების ვიზიტზე საუბარიც.
„დიალოგიდან გამომდინარე, ვიზიტი შეძლება შედგეს ან შეიძლება არ გამოვიდეს. ვიზიტები მოჰყვება საუბარს, მოლაპარაკებებს“, – განაცხადა მარშანიამ.
რუსეთის სახელმწიფო დუმაში შეხვედრას დღეს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრები, პარლამენტარები - გიორგი ლომია და ადა მარშანია, ასევე, თბილისის საკრებულოს წევრი გოჩა თევდორაძე ესწრებოდნენ.
რუსეთის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ რუსეთის დუმის დეპუტატი, დსთ-ს ქვეყნების და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლეონიდ კალაშნიკოვი, ასევე მისი მოადგილეები კაზბეკ ტაისაევი და არტიომ კავინოვი.