„მიგვაჩნია, რომ დროულად უნდა გაგრძელდეს ექსპერტთა ჯგუფების და სადელიმიტაციო კომისიების შეხვედრები, რისთვისაც ქართული მხარე გამოთქვამს სრულ მზაობას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია საზოგადოების მხრიდან მაქსიმალურად თავშეკავება პროვოკაციების თავიდან არიდების მიზნით. სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან, სადელიმიტაციო კომისიების მშვიდ და შესაბამის გარემოში მუშაობის ხელშეწყობა, კომისიების მიერ წარმატების მიღწევის წინაპირობაა“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ადგილობრივების ცნობით, დავით გარეჯში დაძაბულობის მიზეზი გახდა ის, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს ტაძრებიდან ხატები გამოიტანეს, კელიებს კი ტუალეტად იყენებენ.
გუშინ ამ საკითხზე ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, 14 ივლისს, ადგილობრივი მოსახლეობა ავიდა საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, სადაც ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები იმყოფებიან.
„მათ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ მოხდა მცირე ინციდენტი მათ შორის. ქართველი მესაზღვრეების ჩარევის შედეგად სიტუაცია დროულად იქნა განმუხტული. არის მშვიდი ვითარება“, – განაცხადა კუპატაძემ.
მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა განმარტეს, რომ ხატები ამინდის გაუარესების შემთხვევაში, სამლოცველოებში დაზიანდებოდა და ეს რომ მათ არ დაბრალებოდათ, გამოიტანეს და ქართულ მხარეს გადასცეს.