„გახარიას გადადგომა დღეს იქნებოდა სამშობლოს ღალატი, პირდაპირი მნიშვნელობით, იმიტომ, რომ გახარია, რომ გადამდგარიყო 21-ში და 22-ში, ეს ბიჭები, ვინც ამას ორგანიზებას უკეთებდნენ და ის პოლიტიკოსები, ვინც ამ მოწოდებებს აკეთებდნენ და ახერხებდნენ პარლამენტში შესულიყვნენ... რა უნდოდათ პარლამენტში ძალით რომ შედიოდნენ, თუ არა სახელმწიფო გადატრიალება? რა თქმა უნდა, ეს სურდათ და ის, რომ გახარია გადადგეს, ნიშნავს, რომ შსს აღარ არსებობს.
ძალადობა, ძალის მიტანა როდესაც ხდება ძირითად სახელმწიფო ინსტიტუტზე და მას პოლიცია ვერ დაიცავს, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა მინისტრმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს, მაგრამ მან ეს მოახერხა, მან დაიცვა ახალი სახელმწიფო გადატრიალებისგან სახელმწიფო და მოახერხა ის, რომ ახალი უბედურება არ მისცა საზოგადოებას. ეს რომ ვერ მოეხერხებინა, უნდა გადამდგარიყო“, – განაცხადა ივანიშვილმა.
რაც შეეხება შსს-ს თანამშრომლების მიერ აქციის დაშლას, ბიძინა ივანიშვილის თქმით, ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია.
„ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე კითხვა რომ აღძრულიყო, მაშინ დადგებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. არსაიდან ამის მსგავსი კითხვა არ ისმის, არც ევროპიდან. მე ძალიან ბევრს შევხვდი ევროპელებს, შევხვდი ელჩებს, ვიცი ვაშინგტონის პოზიცია. ის კადრები, რაც ნახეს, ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე, არავის კითხვა არ აქვს. შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვა არაა“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, არაპროპორციული ძალის გამოყენების ცალკეულ შემთხვევებზე გამოძიება მიმდინარეობს და ისინი, ვინც, არაპროპორციული ძალა გამოიყენეს, პასუხს აგებენ.
„გახარიამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მადლობა ღმერთს, მოძალადეებისგან და მეამბოხეებისგან დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი და ახალ უბედურებაში არ შეიყვანა საზოგადოება“, – განაცხადა ივანიშვილმა.