ჟურნალისტების კითხვაზე, არის ბრალდებები, რომ ხელისუფლებას სურს კრიტიკული არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, დგას თუ არა საფრთხის ქვეშ ამ არხის სარედაქციო პოლიტიკა, ბახტაძემ უპასუხა:
„რა თქმა უნდა არ დგას და მსგავს საუბრებს არანაირი საფუძველი არ აქვს. უფრო მეტიც ამის გარანტი გახლავთ ის, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა ძალიან დიდი მიღწევა, რომ ჩვენ გვაქვს მედიაპლურალიზმი და თითოეული ჩვენთაგანი ამას განსაკუთრებით უფრთხილდება. ეს არის ჩვენი შეფასება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ოპონენტები ორიენტირებული არიან ინტერპრეტაციაზე, ნებისმიერი ინფორმაციის და ნებისმიერი ფაქტის არასწორად შეფუთვაზე.
„ეს არის სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მას პატივი უნდა ვცეთ თითოეულმა ჩვენგანმა. მედიაპლურალიზმი არის ჩვენი ყველაზე დიდი მონაპოვარი და მას განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. ამ საქმეს მედიაპლურალიზმთან, როგორც ამ ყველაზე დიდ მიღწევასთან და მის შესაძლო ზიანთან არანაირი კავშირი არ აქვს“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
18 ივლისს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა საჯარო რეესტრს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩააბარა და ტელეკომპანიის 60%-იანი წილის მფლობელად მისი, ხოლო 40%-იანი წილის მფლობელად მისივე კუთვნილი კომპანიის „პანორამას“ დარეგისტრირება მოითხოვა. ამის შემდეგ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება გაიმართა. კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა.
2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს და მის კომპანიას, „პანორამას“ მიაკუთვნა. 3 მარტს, ტელეკომპანიამ და მისმა მფლობელებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. სტრასბურგის სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დროებითი ღონისძიება გამოიყენა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.