პრეზიდენტი გუშინ, 21 ივლისს, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის 30 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. ღონისძიების დასრულების შემდეგ, მან მედიასთან კომენტარი არცერთ აქტუალურ საკითხზე არ გააკეთა.
„სრული პოზიტივი დღე. არაჩვეულებრივი საქმე, რომელიც უნდა დააფასოთ. მიმაჩნია, რომ ის, რაც დღეს მოხდა, ეს 30 წელი, არაჩვეულებრივი საქმე ქვეყნისთვის ამ საექიმო დარგში არის ის, რაზედაც თქვენ უნდა საუბრობდეთ დღეს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან სალომე ზურაბიშვილმა.
18 ივლისს, როდესაც „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სალომე ზურაბიშვილის განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ევროპულმა სასამართლომ საქართველოსთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო.
„ამ გადაწყვეტილებით მან აღიარა, განხილული საქმის მიმართ, საქართველოს სასამართლოს მიუკერძოებლობა და მისი გადაწყვეტილებების სამართლიანობა. ამით ნდობა გამოუცხადა ჩვენი მართლმსაჯულების სისტემას. […] მიღებული გადაწყვეტილებებით, სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორ პრინციპს, რომელზეც დგას დემოკრატია და ევროპა: კერძო საკუთრებისა და ადამიანის სიცოცხლის ხელშეუხებლობას“, – ნათქვამი იყო პრეზიდენტის განცხადებში.
სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავდა, რომ სრულიად იზიარებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების სულისკვეთებას.
„ასევე მჯერა, რომ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც ერთერთ მთავარ დემოკრატიულ პრინციპს, საფრთხე არ დაემუქრება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 18 ივლისს.