weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ოქრუაშვილის მოთხოვნა „რუსთავი 2“-ის წილების დაყადაღებაზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა

14:32 ორშაბათი, 22 ივლისი 2019

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილმა მისი მოთხოვნა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილების დაყადაღების თაობაზე.

ოქრუაშვილმა წილების დაყადაღება 19 ივლისს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებისა და ტელეკომპანიის მესაკუთრედ ქიბარ ხალვაშის რეგისტრაციის შემდეგ შეიტანა.

ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ „რუსთავი 2“ მისი საკუთრებაა. ტელეკომპანიის მისთვის გადაცემის თაობაზე სარჩელის შეტანას ის მიმდინარე კვირაში აპირებდა.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი გვითხრა „რუსთავი 2“-ის წილებზე ყადაღის დადებაზე იურისტებისთვის სრულიად სასაცილო მოტივით - თითქოს მოთხოვნა წილების დაყადაღებაზე უნდა გაგვეკეთებინა სარჩელის შეტანასთან ერათად. ჩვენ სარჩელი არ შეგვიტანია, კანონით გვქონდა ათი დღის ვადა იმისთვის, რომ ეს სარჩელი წარგვედგინა. ახლა გვაქვს არჩევანი - გავასაჩივროთ ეს განჩინება, თუ შევიტანოთ სარჩელი და ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა. იურისტებთან ერთად ვიმსჯელებთ ამაზე და ოთხშაბათამდე მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მისივე თქმით, სასამართლოში შერჩევითი სამართალია.

„ჩვენ განცხადება გვქონდა შეტანილი ზუსტად იმ ტექსტით, წერტილი და მძიმეც კი არ აკლდა, რაც ხალვაშმა შეიტანა, როდესაც „რუსთავი 2“-ის წილები დააყადაღა. ასე, რომ ფაქტი სახეზეა - 10 დღის წინ დანიშნული მოსამართლის გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად შერჩევითი“,
– აღნიშნა ოქრუაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ 2004 წელს შეიძინა, რისთვისაც 1 მლნ 200 ათასი დოლარი, ნაღდი ფულის სახით, ჯემალ იმნაიშვილის ხელით ტელეკომპანიის დამფუძნებლებს - დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადაუხადა, გარდა ამისა, მათ უსასყიდლოდ გადაუფორმა კომპანია „ჯორჯიან ონლაინის“ 10%-იანი წილი, რაც დაახლოებით 800 ათასი დოლარი იყო.

18 ივლისს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა საჯარო რეესტრს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩააბარა და ტელეკომპანიის 60%-იანი წილის მფლობელად მისი, ხოლო 40%-იანი წილის მფლობელად მისივე კუთვნილი კომპანიის „პანორამას“ დარეგისტრირება მოითხოვა. ამის შემდეგ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება გაიმართა. კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა.

2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს და მის კომპანიას, „პანორამას“ მიაკუთვნა. 3 მარტს, ტელეკომპანიამ და მისმა მფლობელებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. სტრასბურგის სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დროებითი ღონისძიება გამოიყენა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]