როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოში არსებობს სამართლიანი და ობიექტური მართლმსაჯულება და ამ პროცესების მისამართით ნდობის ხარისხი არის ძალიან მაღალი.
„სამწუხაროდ, ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილი მუდმივად ცდილობს, რომ გააჩინოს კითხვის ნიშნები ყველაფრის გარშემო. არსებობს ისეთი საკითხები, რომლებიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის იყო ნათელი. ელემენტარულად, კადრებში ჩანს ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ეს არის იაფფასიანი სპეკულაცია.
მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი, ამიტომ მე თავს შევიკავებ შინაარსობრივი შეფასებისგან. ფაქტი არის შემდეგი, რომ საქართველოში არსებობს სამართლიანი და ობიექტური მართლმსაჯულება და ნდობის ხარისხი არის ძალიან მაღალი ამ პროცესების მისამართით. [...] კანონის წინაშე ყველა ვართ თანაბარი, ეს არის პრინციპი, რომელსაც ეფუძნება დემოკრატიული საზოგადოება და ამ პრინციპიდან გადახვევა არ შეიძლება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი გუშინ, 25 ივლისს დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ოქრუაშვილი 20-21 ივნისს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არის დაკავებული და ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა ედება.
„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას. ასევე, ირაკლი ოქრუაშვილი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში“, – განაცხდა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლმა, მამუკა ჭელიძემ.
ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, გუშინ, ამავე საქმეზე კიდევ ოთხი ადამიანი დააკავეს, მათ შორის, სახეობათა კონსერვაციის ცენტრ „ნაკრესის“ კონსერვაციის პროგრამის ხელმძღვანელი ბეჟან ლორთქიფანიძე.