„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ დაუშვებელია საერთაშორისო ავიამიმოსვლა აფხაზეთსა და სხვა ქვეყნებს შორის, დანარჩენი მსოფლიოსგან აფხაზეთის სრული იზოლაციის მორიგი, ჩვეული და სრულიად არასაკვირველი მცდელობაა. არ გამოვა. ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“, – დაწერა დაურ კოვემ სოციალურ ქსელში.
26 ივლისს, აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა მიიღო რამდენიმე დადგენილების პროექტი, რომელიც სოხუმის აეროპორტის აღდგენას ეხება. ვარაუდობენ, რომ აეროპორტი „სოხუმი“ მომავალში სამიდან ხუთი ათასამდე მგზავრს მიიღებს დღე-ღამეში და გამოყენებული იქნება საჰაერო ტვირთის გადასაზიდად. აეროპორტის გახსნის ზუსტ თარიღს დე ფაქტო ხელისუფლება არ ასახელებს.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (GCAA) განმარტავს, რომ საქართველოს ნებართვის გარეშე, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება. ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ საერთაშორისო ფრენებზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქართველომ, ისევე როგორც, ფრენების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობა უნდა უზრუნველყოს ქართულმა მხარემ.
„იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ავიაკომპანია სოხუმის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს, ის დაარღვევს როგორც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ნორმებს, ისე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს, რაც გაართულებს აღნიშნული ავიაკომპანიის ოპერირებას საერთაშორისო და საქართველოს მიმართულებებზე“, – ნათქვამია GCAA-ს განცხადებაში.
სოხუმის აეროპორტი საქართველომ 1993 წლიდან დაკეტა.