weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის – დაურ კოვე სოხუმის აეროპორტის შესახებ თბილისის განცხადებაზე

10:47 სამშაბათი, 30 ივლისი 2019

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლების განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სოხუმის აეროპორტიდან საერთაშორისო ავიამიმოსვლა შეუძლებელია, რადგან ეს საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ დაუშვებელია საერთაშორისო ავიამიმოსვლა აფხაზეთსა და სხვა ქვეყნებს შორის, დანარჩენი მსოფლიოსგან აფხაზეთის სრული იზოლაციის მორიგი, ჩვეული და სრულიად არასაკვირველი მცდელობაა. არ გამოვა. ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“, – დაწერა დაურ კოვემ სოციალურ ქსელში.

26 ივლისს, აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა მიიღო რამდენიმე დადგენილების პროექტი, რომელიც სოხუმის აეროპორტის აღდგენას ეხება. ვარაუდობენ, რომ აეროპორტი „სოხუმი“ მომავალში სამიდან ხუთი ათასამდე მგზავრს მიიღებს დღე-ღამეში და გამოყენებული იქნება საჰაერო ტვირთის გადასაზიდად. აეროპორტის გახსნის ზუსტ თარიღს დე ფაქტო ხელისუფლება არ ასახელებს.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (GCAA) განმარტავს, რომ საქართველოს ნებართვის გარეშე, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება. ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ საერთაშორისო ფრენებზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქართველომ, ისევე როგორც, ფრენების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობა უნდა უზრუნველყოს ქართულმა მხარემ.

„იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ავიაკომპანია სოხუმის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს, ის დაარღვევს როგორც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ნორმებს, ისე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს, რაც გაართულებს აღნიშნული ავიაკომპანიის ოპერირებას საერთაშორისო და საქართველოს მიმართულებებზე“, – ნათქვამია GCAA-ს განცხადებაში.

სოხუმის აეროპორტი საქართველომ 1993 წლიდან დაკეტა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]