weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აკურის ღვინის ქარხნის საქმე ჩვეულებრივი ვალის დაბრუნება იყო – ზურაბ ადეიშვილი

15:59 ხუთშაბათი, 01 აგვისტო 2019

საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში ისაუბრა აკურის ღვინის ქარხნის საქმეზე, რის გამოც მას ქართულმა მართლმსაჯულებამ დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა.

როგორც ადეიშვილმა თქვა, აკურის საქმე ერთ-ერთი კარგი მაგალითია იმის, თუ როგორ იქმნება „ბიზნესის ჩამორთმევის“ კლიშე.

„არსებობდა ბათუმის საზღვაო ბანკი, რომელიც სახელმწიფოს საკუთრება იყო. ყველამ ვიცით, რომ ეს რეალურად ასლან აბაშიძის პირადი ბანკი იყო. იქ ხდებოდა ფულის გათეთრება და სახელმწიფო ფულის გადაქაჩვა, რომელსაც აბაშიძე მერე უკვე საკუთარი მიზნებისთვის იყენებდა. მათ შორის, ყველამ იცოდა, რომ კახეთში ასლან აბაშიძეს ჰქონდა აკურის ქარხანა. ამ საწარმომ აიღო ვალი საზღვაო ბანკიდან, რომლის მიმართაც ჩვენ გვქონდა საქმე სისხლის სამართლის წარმოებაში, იმიტომ, რომ რეალურად ასლან აბაშიძემ მოიპარა სახელმწიფოს ფული ამ ბანკის მეშვეობით და ჩვენ ამ ფულს მივყვებოდით. მივყევით, სხვათა შორის, ამერიკაშიც, საიდანაც რამდენიმე მილიონი ლარი დავაბრუნეთ. საწარმომ აიღო სესხი, თუ არ ვცდები მილიონი დოლარის, მერე პროცენტებით ეს ავიდა ორ მილიონ დოლარზე. ჩვენ შევთავაზეთ, გადაიხადეთ თუნდაც ძირი თანხა და ეს ქონება თქვენია, არავინ გედავებათ ან მეორე - რადგან თქვენ აიღეთ სესხი, ეს ქონება ბანკის საკუთრებაა, რადგანაც არის უზრუნველყოფილი, დააბრუნეთ ეს ქონება. ამ ადამიანმა აიღო და დააბრუნა ქონება“, – განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა.

მისივე თქმით, მოგვიანებით ეს საქმე იმიტომ „გააცოცხლეს“, რომ აკურის ღვინის ქარხანა ბიძინა ივანიშვილის ძმასთან დაკავშირებული კომპანიის ხელში აღმოჩნდა, რომელმაც ქარხნის დაბრუნებით დაახლოებით 6 მილიონი დოლარის სახელმწიფო ქონება მიითვისა.

„აღმოჩნდა, რომ ამ საწარმოში რუსეთის ემბარგოს გამო დაგროვდა ძალიან დიდი რაოდენობის ქონება - სპირტი და ღვინო - ჩემი ინფორმაციით, დაახლოებით 5-6 მილიონი დოლარის ღირებულების, თუ მეტის არა. უცებ ეს აღმოჩნდა რაღაც კომპანიის ხელში, რომელიც დაკავშირებულია ივანიშვილის ძმასთან. ეს არის მაგალითი კლასიკური კურუფციის, ხოლო ის იყო ჩვეულებრივი, ყოფითი ვალის დაბრუნება“, – განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა.

აკურის ღვინის ქარხნის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად პატიმრობა 2015 წელს შეეფარდა. პროკურატურის მტკიცებით, 2004 წელს, როდესაც სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ ლიკვიდაციის პროცესი მიმდინარეობდა, ადეიშვილს და მაშინდელ შს მინისტრს, ვანო მერაბიშვილს მიაჩნდათ, რომ ეს ბანკი და ამ ბანკის აქციონერები დაკავშირებული იყვნენ აჭარის წინამორბედი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან, რის გამოც აუცილებელი იყო ბანკის მიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაცემული კრედიტები მოკლევადიან პერიოდში უკან დაბრუნებულიყო, რათა სწრაფად მომხდარიყო ბანკის ლიკვიდაცია, ეს თანხები გადარიცხულიყო მერაბიშვილის და ადეიშვილის მიერ დასახელებულ ანგარიშებზე და მათზე წვდომა არ ჰქონოდათ ბანკის აქციონერებს.

„2004 წელს აჭარის პროკურატურაში დაიბარეს აკურას ღვინის ქარხნის მეპატრონეები, შპს „რთველი XXI“-ს დამფუძნებლები თეიმურაზ მეგრელიშვილი, ნოდარ მოდებაძე და დირექტორი ვახტანგ ჩახვაძე, რომელთაც სს „საქართველოს საზღვაო ბანკიდან“ აღებული ჰქონდათ 2 600 000 ლარამდე ოდენობის სესხი, რითაც შეიძინეს ხსენებული ღვინის ქარხნის აქციების 89.060%, განახორციელეს ღვინის ქარხანაში ინსვესტიცია, გააშენეს ვაზი და ახდენდნენ ყურძნის წარმოებას, გადამუშავებას, ღვინის დამზადებასა და რეალიზაციას.

აჭარის ა.რ. პროკურორმა გივი პაპუაშვილმა მათ გადასცა ივანე მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილის კატეგორიული მოთხოვნა, რომ 2 თვეში დაეფარათ სს „საქართველოს საზღვაო ბანკიდან“ აღებული კრედიტი, ხოლო თუ ამას ვერ შეძლებდნენ, მაშინ უსასყიდლოდ დაეთმოთ აკურას ღვინის ქარხანა, წინააღმდეგ შემთვევაში მათ შეექმნებოდათ პრობლემები. ანალოგიური ხასიათის მუქარა მათ შეუთვალეს ფინანსური პოლიციიდანაც, რამაც სისტემატიური ხასიათი მიიღო.

აღნიშნულზე, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფმა თეიმურაზ მეგრელიშვილმა და ნოდარ მოდებაძემ სამართალდამცავებისგან მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, გადაწყვიტეს დაეთმოთ ღვინის ქარხანა და ამის შესახებ გივი პაპუაშვილს აცნობეს. ქონების ჩამორთმევის პროცესის დაჩქარების მიზნით, სამართალდამცავების ორგანიზებით, შუა ღამით, სახლიდან საგანგებოდ გამოიყვანეს ნოტარიუსი და 2004 წლის 7 სექტემბერს ნოტარიული წესით გააფორმეს ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს „რთველი XXI“-ის 100%-იანი წილი, რომლითაც მეგრელიშვილი და მოდებაძე ფლობდნენ თელავში მდებარე აკურას ღვინის ქარხანას, აჩუქეს სახელმწიფოს. ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, თეიმურაზ მეგრელიშვილს და ნოდარ მოდებაძეს მიადგათ დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი“ – აცხადებდნენ პროკურატურაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]