„ივანიშვილი ცდილობს, რომ ტოტალური კონტროლი დაამყაროს ქვეყანაში. შესაბამისად, ეს არის პოლიტიკური რეპრესიები, რომელიც გრძელდება.
ნებისმიერი ადამიანი ვისაც აქვს მცდელობა ან შესაძლებლობა შექმნას დამოუკიდებელი მედია საშუალება, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციის შესაძლებლობა, აბსოლუტურად ყველა ადამიანი, როგორც ჩანს, უნდა რომ დააკავოს და ციხეში ჩასვას.
ეს არის სტანდარტი რომლისკენაც მას მივყავართ, მაგრამ, ერთი რამ შემიძლია ვთქვა, წელიწადზე ცოტა მეტი დარჩა ივანიშვილსაც და „ქართულ ოცნებას“. 2020 წლის არჩევნებზე, თუ მანამდე არ იქნა არჩევნები, აუცილებლად საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს ამომრჩეველი, რომელსაც მობეზრდა და ყელში ამოუვიდა ამ უკიდეგანო უსამართლობასა და გაჭირვებაში ცხოვრება. რაც მთავარია, ყველას უნდა, რომ რაღაც ახალი დაიწყოს და ეს ახალი აუცილებლად დაიწყება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
პროკურატურამ ნიკა გვარამია გამოკითხვაზე გუშინ დაიბარა. საქმე ეხება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას.
საგამოძიებო ორგანოს განმარტებით, საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, „რუსთავის 2“-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ნიკა გვარამიას მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე. ასევე, სისხლის სამართლის საქმეს დაერთო „რუსთავის 2“-ის ამჟამინდელი დირექტორის, პაატა სალიას განცხადება შესაძლო დანაშაულის თაობაზე, რამაც სავარაუდოდ დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა სამაუწყებლო კომპანიას.