weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ოკუპაციას ჰყავს თანაავტორი - „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი – ღარიბაშვილი

15:04 ოთხშაბათი, 07 აგვისტო 2019

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციაში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს.

როგორც ღარიბაშვილმა აგვისტოს ომის მეთერთმეტე წლისთავზე განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ მოღალატეობრივმა პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა რუსული ოკუპაცია.

„დღეს ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. რუსული ოკუპაცია არის მოუშუშებელი იარა ქართული სახელმწიფოს სხეულზე და ვიდრე ქართველს პირში სული უდგას, ის არასდროს შეეგუება ამ ვითარებას. ოკუპაციას ჰყავს ავტორი და ეს ავტორი იდენტიფიცირებულია - რუსეთი ოკუპანტია და ეს აღიარებულია მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, მაგრამ ოკუპაციას ჰყავს თანაავტორი, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ოკუპაცია. ეს ძალა არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, რომელთა მოღალატეობრივმა და მავნებლურმა პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა რუსული ოკუპაცია“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

მისივე თქმით, ცინიკურია გიგა ბოკერიას განცხადება, რომ აგვისტოს ომში დაღუპულმა ჯარისკაცებმა საქართველოს მისცეს ამოსუნთქვის საშუალება, რათა რუსეთის აგრესიას საკუთარი მიზნისთვის სწრაფად არ მიეღწია.

ამ ფონზე განსაკუთრებით ცინიკურად ჟღერს ამ ანტისახელმწიფოებრივი ძალის იდეოლოგების განცხადებები, რომ თითქოს აგვისტოს ომის ხარჯზე საქართველომ ამოისუნთქა, არადა, ეს მათ ამოისუნთქეს საქართველოს ხარჯზე, როდესაც საგარეო აგრესიის ფონზე გაყალბებული არჩევნებით შერყეული ლეგიტიმაცია გაიმყარეს. ეს მათ ამოისუნთქეს ქართული ტერიტორიების, დაღვრილი სისხლის, ჩვენი გმირი მებრძოლების, გაუბედურებული ოჯახების, საკუთარი სახლ-კარიდან აყრილი მოსახლეობის, კოდორის და ახალგორის ხარჯზე, როდესაც ჯერ წაგებული ომი მოგებულად გამოაცხადეს, ხოლო მაშინდელი ოპოზიციის ფაქტიურ კაპიტულაციას აგრესორის მიმართ საკუთარი კაპიტულაცია დააშენეს და ტაბუ დაადეს საკუთარ ღალატს და სიმხდალეს“, – აღნიშნავს ღარიბაშვილი.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „2012 წელს პუტინმა მოიყვანა ივანიშვილი“

„იმან, რაც დღეს ბრძოლის ველიდან ფორთხვით გაქცეულმა სამარცხვინო მთავარსარდალმა იკადრა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მილიონ სამასი ათას ქართველს, ვინც 2012 წლის 1 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით უარი უთხრა მის მოღალატეობრივ და მავნებლურ მმართველობას, მან პუტინის ზრახვების განმახორციელებელი, მისი მხარდამჭერები უწოდა და ძალადობაზე ქართველი ხალხის ისტორიული გამარჯვება რუსულ სპეცოპერაციად მოიხსენია. ყოველთვის მჯეროდა, რომ კოჰაბიტაცია ამ მტრულ ძალასთან იყო შეცდომა და ეწინააღმდეგებოდა ქართველი ხალხის ინტერესებს! დღეს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ამაში!

ვიდრე ეს მტრული და მოღალატეობრივი ძალა, სიმსივნური უჯრედივით არ ამოიკვეთება ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური სხეულიდან, დეოკუპაციის გზაზე წარმატებას ვერ მივაღწევთ, რადგან საგარეო ფრონტზე გამარჯვებას ჯერ შიდა მტრის საბოლოოდ დამარცხება სჭირდება“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]